როგორც “ჰერიტიჯის ფონდის” მკვლევარი, ლუკ კოფი ამბობს, რუსეთმა იცის, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაკუწ-ნაკუწ მიტაცებისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს.
ამის შესახებ ექსპერტმა ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან საუბარში განაცხადა.
ექსპერტს მიაჩნია, რომ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად საქართველომ საკუთარი მდგომარეობის “ინტერნაციონალიზაცია” უნდა მოახდინოს და ქვეყანაში დასავლური ინვესტიციები მიიწვიოს.
ამერიკის ხმასთან საუბარში კოფი მის მიერ შედგენილი რუსეთის ბორდერიზაციის უნიკალური რუკა გაიხსენა.
„პირველად, ეს იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა რუსულმა ჯარმა ბაქო-სუფსის მილსადენი მოაქცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მაშინ ყურადღება განსაკუთრებით ამ ნაბიჯის დრომ მიიქცია. ეს იყო საბერძნეთის რეფერენდუმის შემდეგი კვირა და ერთი კვირით ადრე, სანამ საერთაშორისო თანამეგობრობა ირანთან ბირთვულ ხელშეკრულებას მოაწერდა ხელს. მაშინ ვიფიქრე, რომ არ შეიძლება ბორდერიზაციის ეს ნაბიჯი უბრალოდ დამთხვევა ყოფილიყო. რუსებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მთელი ევროპა საბერძნეთის ფინანსურ გადარჩენაზე იყო კონცენტრირებული და ამერიკისთვის კი პრიორიტეტი ირანთან ბირთვული შეთანხმება იყო. სწორედ მაშინ მიიტაცა რუსეთმა მიწის დიდი ნაკვეთი.
ამის შემდეგ დავიწყე საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შემთხვევების შესწავლა და თითოეული ინციდენტის დამოუკიდებელ წყაროებთან გადამოწმება, რასაც ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდა.
ეს რუსეთის „მცოცავი ოკუპაციაა.“ ზოგიერთ შემთხვევაში ისინი ოჯახებს ყოფენ, ადამიანებს მიწებს ართმევენ. ეს რეგულარულად ხდება და ამ პროცესს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დიდი ყურადღება არ ექცევა. რუსეთი დროთა განმავლობაში იტაცებს მიწებს, რომლებიც ხშირად პატარა ფართობებია, მაგრამ დროთა განმავლობაში ზომა საკმაოდ დიდია. საერთაშორისო თანამეგობრობა ამ შემთხვევებს ყურადღებას სწორედ იმის გამო არ აქცევს, რომ საუბარია პატარა ნაკვეთებზე. რუსეთმა იცის, რომ ამისთვის მას პასუხს არავინ მოსთხოვს“,-ამბობს ლუკ კოფი.
მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება დიდ თავშეკავებას იჩენს და ისინი ამისთვის შექებას იმსახურებენ, რადგან რუსეთს უნდა ქართველებმა მათ ნაბიჯებზე ექსტრემალური რეაგირება გააკეთონ, შემდეგ კი, საბაბი მიეცემათ უფრო შორს შევიდნენ საქართველოში.
„საქართველოს მთავრობა საკმარისად აწვდის ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს, მთავრობებს და მიმომხილველებს. ვიცი, რომ მაღალი დონის შეხვედრებზე „მცოცავ ოკუპაციაზე“ საუბარი ყოველთვის იმართება. მაგრამ რომ დავფიქრდეთ, სინამდვილეში რის გაკეთება შეუძლია საქართველოს, როცა რუსული თოფის ლულის წინ დგას უწყვეტად? რუსეთს უნდა საქართველომ რაღაც ისეთი გააკეთოს, რომ მათ სამხედრო კონფლიქტი განაახლონ, მაგრამ თუ საქართველო ამას არ გააკეთებს, ის უკვე აცლის რუსეთს ხელიდან სასურველ შედეგს. იმაში, რაც ხდება დამნაშავე რუსეთია. ისინი დგამენ ამ აგრესიულ ნაბიჯებს. თუმცა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც უფრო მეტი უნდა გააკეთოს. მე უნდა შემეძლოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებგვერდზე შესვლა და ბორდერიზაციის თითოეული შემთხვევის შესახებ ინფორმაციის ნახვა. თუმცა ამის გაკეთება დღეს ვერ ხერხდება. ისინი უფრო მეტად გამჭვირვალე უნდა იყვნენ. ერთგვარად, ეს ირონიულიცაა იმის გამო, რომ მათი მისია საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე მოვლენების გამჭვირვალედ წარმოჩენაა.
მათ ძალიან ვიწრო მანდატი და არასაკმარისი რესურსი აქვთ. საოკუპაციო ხაზს ისინი „საოკუპაციო ხაზსაც“ კი არ უწოდებენ, არამედ „ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზად“ მოიხსენიებენ. შეიძლება მათ რუსეთის გაღიზიანება არ უნდათ. შეიძლება იმიტომ, რომ საოკუპაციო ხაზზე მათ დაშვებას რუსეთმაც უნდა დართოს ნება, რაც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირდაპირი დარღვევაა. ვფიქრობ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უფრო მოქნილი უნდა იყოს და უკეთესად წარმოაჩინოს, თუ რას აკეთებს იქ რუსეთი“, – აღნიშნა ექსპერტმა.
ლუკ კოფი – რუსეთმა იცის, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილ-ნაწილ მიტაცებისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს
2019/08/22 13:50:55
კომენტარები
ნანახია: 723 ჯერ