სახელი: დიმიტრი.
გვარი: ტატიშვილი.
პროფესია: მსახიობი.
– ბავშვობა…
– ამ მხრივ, არ მაქვს კარგი მეხსიერება, ბევრი რაღაც მავიწყდება, მაგრამ მახსოვს გლანდების ოპერაცია რომ გამიკეთეს – დიდი დისკომფოტი მქონდა, ვერ ვლაპარაკობდი და რაც მიყვარდა, იმის ჭამას მიკრძალავდნენ. ემოციურად მახსოვს დედა, სულ რომ მენატრებოდა და ყოველთვის მისი ნახვა მინდოდა. მშობლები ადრე დამეღუპნენ, 12 წლის ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა, 17 წლისას კი – მამა.
– პროფესიული ჩვევა გაქვთ?
– კი, მაქვს. ჩემს პროფესიაში პროფესიული ჩვევა და უნარები რომ არ გქონდეს, არ შეიძლება. რიტუალები არ მაქვს. ჩემი ტვინი ისეა მოწყობილი, ყოველი ახალი სამუშაოს დროს, რაც მანამდე გამიკეთებია ყველაფერი მავიწყდება. ისე ვიწყებ მუშაობას, თითქოს იქამდე არაფერი მითამაშია, ოღონდ, ეს თვითონ ხდება, მე არ მომიფიქრებია. ალბათ, ეს ინფორმაცია არ არის ფასეული და ჩემი ტვინი ამიტომ არ იმახსოვრებს.
– რა გაღიზიანებთ?
– მეტიჩრები მაღიზიანებს. მეტიჩრები არიან ადამიანები, რომლებსაც ცოტა უჭირთ აზროვნება და ინფორმაციის სიმწირე აქვთ. იმავდროულად, დაუმსახურებელი ამბიცია გააჩნიათ და ჰგონიათ, რომ რაღაც უნდა გადაწყვიტონ. როცა ადამიანმა იცის, რა უნდა ცხოვრებაში, ის არასოდეს იქნება მეტიჩარა. პასუხისმგებელია თავის საქმეზე და ზედმეტი „ტინგიცობა“ არ ახასიათებს. არ მომწონს ბოროტი და მავნებელი ადამიანები, რომლებიც საკუთარი თავის გამოჩენის მიზნით ყველაფერს გადახაზავენ და მეგობრობას არაფრად მიიჩნევენ.
– ბედისწერის გჯერათ?
– კი, მჯერა. ხშირად მითქვამს, ეს ბედია და ასე უნდა მომხდარიყო-მეთქი. ამ სამყაროში ყველაფერი იმდენად ჭკვიანურად ხდება და ყველაფერი ისე დახვეწილად, დინამიურად მიმდინარეობს, რომ არ შეიძლება, ეს სპონტანური იყოს. მე არ მჯერა შემთხვევითობის – შემთხვევით არაფერი ხდება. აუცილებელი არაა, ეს ისე გავიგოთ, რომ თითქოს ზეცაში იწერება ან რაიმე მსგავსი. ჩვენ ხომ სულ ვცდილობთ გავიგოთ, რატომ ვიბადებით. ფაქტია, თითოეული ჩვენგანი რაღაც ფუნქციას ვასრულებთ. თუ ადამიანს უჩნდება რაღაცის მიმართ მიდრეკილება, ესე იგი, ის იმ გზით უნდა წასულიყო. ზოგიერთი არ აკეთებს თავის საქმეს და ამის გამო სხვა რაღაცებს მიედ-მოედება, საკუთარ ფუნქციას ვერ პოულობს. ასეთი ადამიანები მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მოიქცე ან პირიქით. ისინი, თავისდაუნებურად, გვაძლევენ მაგალითს. მინახავს ჩემს პროფესიაში ადამიანები, ვისი შემხედვარეც მივმხვდარვარ, რომ ასეთი უნდა იყოს მსახიობი, მაგრამ მინახავს ისეთებიც, რომ მითქვამს: ასეთი ნამდვილად არ უნდა იყო.
– რა არის ცოდვა?
– ბოროტება არ უნდა ჩაიდინო. ჩემთვის არ იყოფა ღვთიური და ეშმაკური საქმეები, ეს არის ბნელი, ეს არის კეთილი და ასე შემდეგ. სამყარო ერთი მთლიანობაა. ჩვენთან არის დღე, სადღაც ღამეა. ყველაფერი ერთადაა, ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება – ცუნამიც და ცის ნამიც. ბოროტება პირობითია, არავის უნდა ავნო. უნდა იცოდე, სადაც სხვისი კომფორტი იწყება, იქ მთავრდება შენი. სხვის საქმეში არ უნდა ჩაერიო და არ უნდა დააზიანო. ეს არის ჩემთვის ბოროტება. არიან ადამიანები, რომლებიც ცუდ რაღაცებს აკეთებენ და ჰგონიათ, რომ სწორად იქცევიან.
– ღმერთის არსებობა გიგრძნიათ?
– კი, მიგრძნია. საკმაოდ რთული ბავშვობა მქონდა, მაგრამ სულ ვგრძნობდი, რომ უფალი ჩემთან იყო. ვგრძნობ, რომ ღმერთს ვუყვარვარ. ეს იმაში არ გამოიხატება, რომ ია-ვარდით მაქვს გზა მოფენილი. არასოდეს ვარ მარტო. „ღმერთს ვუყვარვარ“ ბევრ რამეს ნიშნავს, ხანდახან ადამიანისგან გრძნობ ამას, ხანდახან სიტუაციისგან, ხანდახან ავარია უნდა მომსვლოდა და გადავრჩი. ძალიან მიყვარს თვითმფრინავში ჯდომა, ვხუმრობ ხოლმე, ამ დროს ღმერთის ხელებში ვარ-მეთქი და მართლაც ასეა.
– სიზმრების გჯერათ?
– ერთი-ორი სიზმარი ამიხდა, მაგრამ მაინცდამაინც კონცენტრირებული არ ვარ ამ თემაზე. არის ის, რასაც ჩვენი ტვინი ვერ აკონტროლებს და შეიძლება, ეს გამართლდეს. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დამესიზმრა ჩემთვის საყვარელი მსახიობი და ადამიანი დარია საყვარელიძე, თითქოს მეუბნებოდა, რომ მამაჩემისთვის რაღაც უნდა გადაეცა. დილით გავიგე, რომ ეს ადამიანი დაიღუპა. კიდევ იყო ერთი შემთხვევა: საბჭოთა ჯარში ვმსახურობდი და ერთ სიტუაციაში ლამის გავიყინე – ყინვაში ჩამეძინა. დედაჩემი და მამაჩემი დამესიზმრა, მითხრეს, გაიღვიძეო. რომ გავიღვიძე ფეხები ისეთი გათოშილი მქონდა, რომ ვერ ვამოძრავებდი. ძლივს ამოვძვერი „ბეტეერიდან“ და დავიწყე გახურება. 15-20 წუთი რომ მძინებოდა რაღაც დამიზიანდებოდა. არსებობს რეალური და არარეალური სამყარო. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება იქ და რა განზომილებებია. ცოტა რეინკარნაციისაც მჯერა, იმიტომ, რომ არიან ადამიანები, ბავშვები, რომლებაც ზედმიწევნით იციან უცხო სახლში სად რა დევს. ამ ქვეყანაზე რა განზომილებებიც არსებობს, ასე თუ ისე შესწავლილი გვაქვს, დიდი ალბათობით, არსებობს სამყაროები, სადაც სულ სხვა განზომილებებია.
– შეგშურებიათ?
– არა. შური შურია, თეთრი და შავი არ არსებობს. მიფიქრია, რომ რა კარგი იქნებოდა, მეც მქონდეს მსგავსი რაღაც, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩემთვის მძაფრი. თან, ყველაფერი მაქვს და რატომ უნდა შემშურდეს სხვისი. არ ვარ მდიდარი ადამიანი, მაგრამ ბედნერი ვარ. ვისაც აქვს სიმდიდრე, რა, ბედნიერია? არა, ბევრი ვიცი ასეთი.
– ცინიკოსი ხართ?
– ძალიან ცინიკოსი ვიყავი. მერე მივხვდი, რომ ეს არარაციონალურია, თან, უზრდელობაც არის. რა უფლება გაქვს, სხვა ადამიანს დასცინო, თუნდაც ის მართლა დასაცინი იყოს. ისეთი თვისება მქონდა – ყველას და ყველაფერს დავცინოდი, საკუთარ თავსაც და სხვებსაც. ბავშვობაში მერიდებოდნენ. ჩემთან ურთიერთობა სახიფათო იყო, რადგან ვინმეს რომ რაღაც მწარეს ვეტყოდი, ეს არ იყო სასიამოვნო მისთვის. მერე დავფიქრდი, მივხვდი, რომ სჯობდა გავჩუმებულიყავი.
– როდის ყვირით?
– ძალიან იშვიათად. არ მომწონს უწესრიგობა და ალბათ, მაგიტომაც ვყვირი ხოლმე. არ მიყვარს ტყუილად ლაპარაკი, „რიჟა ბაზარი“. აშკარად უწესრიგოდ რომ იქცევა ადამიანი, აი, ეს არ მიყვარს და კიდევ, რომ გამოიშტერებენ ხოლმე თავს.
– ბილწსიტყვაობთ?
– კი, ოღონდ ყველასთან არა. თუმცა სულაც არ ვთვლი, რომ ბილწსიტყვაობა ტრაგედიაა. ოღონდ, ბავშვებთან არ არის კარგი, ვეცადოთ, ბავშვებმა თავიდანვე არ დაინახონ, რა არის ეს სამყარო.
– სიყვარული – ეს არის…
– ადამიანის განსაკუთრებული მდგომარეობა. ამ დროს ნორმალური არ ხარ. ბოლომდე აუხსნელია, რატომ ხდება. რაც ხდება, ის მეტ-ნაკლებად ვიცით. შეიძლება, ვიღაც შეგიყვარდეს და ვერ ხვდებოდე, რატომ გიყვარს, რაღაც პერიოდი გავიდეს და ვერც იმას მიხვდე, რის გამო გიყვარდა. ვინც გიყვარს, ის ხომ ყველაზე ლამაზად გეჩვენება, ანუ ამ დროს ფაქტია, რომ ნორმალური არ ხარ.
– სიყვარულს წესები აქვს?
– არა, როგორც გინდა, ისე მოქმედებ. წესი შეიძლება ის იყოს, რომ თავიდანვე უნდა გახსოვდეთ, რომ ერთმანეთს პატივი სცეთ. ზოგადად, ადამიანებმა უნდა ვცეთ ერთმანეთს პატივი, ეს განსაკუთრებით შეყვარებულ ადამიანებს უნდა ახსოვდეთ.
– ვნება და სიყვარული ერთი და იგივეა?
– არა. ვნება უსიყვარულოდაც არსებობს. სიყვარული ხომ ბევრნაირია. სულაც არ ვარ იმ აზრზე, რომ სიყვარული ყველაფერია. არ არის სიყვარული ყველაფერი. ბუტერბროტი ხომ მარტო პური და კარაქი არაა, ცხოვრებაც ასეა, მარტო სიყვარული ყველაფერი არაა. ამ ბოლო წლებში ძალიან ხშირად გვესმის ქრისტეს სიყვარული. კი ქრისტეს სიყვარულია, მაგრამ მარტო სიყვარული არაა, ქრისტე არის ჭეშმარიტება და სიყვარული.
– რისკიანი ხართ?
– არც ისე, თუმცა გამირისკავს, უფრო ჩემს პროფესიაში. მადლობა ღმერთს, რისკი საყოფაცხოვრებო საკითხებში არ დამჭირვებია. სხვა ადამიანების გამოცდილება მეხმარება ხოლმე. ეს მინიშნებაა იმაზე, რომ ჭკვიანი ადამიანი ვარ (იცინის). ხომ ამბობენ, ჭკვიანი კაცი სხვის შეცდომებზე სწავლობსო. თუ არჩევნის წინაშე აღმოვჩნდები და ვიცი, რომ სხვას გაუკეთებია იგივე და ცოცხალია, შესაბამისად, მეც შევძლებ. პროფესიაში გამირისკავს ის, რომ რეჟისორს არაორდინარული რაღაც შემოუთავაზებია და დავთანხმებივარ.
– რისი გეშინიათ?
– შიშს არ დავარქმევ, მაგრამ ერთი რამ მაწუხებს. მე ვარ ადამიანი, რომელიც ფიქრობს, ქვეყანა უნდა იყოს კარგად და მეც თანამოქალაქეებთან ერთად ვიყო კარგად. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ: მე და ჩემი ახლობლები თუ კარგად ვართ, ესე იგი, ქვეყანაც კარგადაა. ჩვენი ქვეყანა სულ განსაცდელშია, ამის არ მეშინია, მაგრამ მინდა, რომ დამთავრდეს. ადამიანებს არ უხარიათ ცხოვრება და ეს ძალიან მაწუხებს. აქაა ჩემი ბედნერებაც და არა მაღალ ხელფასში, რადგან ჭეშმარიტი ღირებულება ესაა.
– გღალატობდნენ თუ ღალატობდით?
– არავის არ ვღალატობ და არც ჩემთვის უღალატიათ. ერთგული ადამიანი ვარ. ვინც ავირჩიე, ის მყავს დღემდე გვერდით. მეგობრებისთვის არ მიღალატია, ვერც დადგება ჩემთან მსგავსი საკითხი. ჩემი კომფორტის გამო არავინ გამიწირავს და სულაც არ მიმაჩნია, რომ ეს მაგარი ამბავია. ჩვეულებრივი ამბავია.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ…
– მამაჩემმა თქვა ასეთი რამ, მოთმენა უფრო მეტი ვაჟკაცობაა, ვიდრე არმოთმენაო. მაშინ პატარა ვიყავი – 15-16 წლის და ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. მერე მივხვდი, რომ ეს მართლაც ასეა. ჯერ უნდა დაფიქრდე და მერე გააკეთო, მოთმენა არ გაკეთებას არ ნიშნავს.
http://tbiliselebi.ge/