“23 აგვისტოს ბერლინში პანკისის მკვიდრის, ზელიმხან ხანგოშვილის ლიკვიდაციის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს. ნაწილი ამ მკვლელობას ლაფანყურის სპეცოპერაციას, ნაწილი კი რუსეთ-ჩეჩნეთის ომში ხანგოშვილის მონაწილეობას უკავშირებს. თუმცა კრემლი ამ საქმესთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს“, – წერს გაზეთი “რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის მკვლელობა – ორი მთავარი ვერსია
“ზუსტად იმის თქმა, რომ ეს მათი (რუსების) გაკეთებულია, ყველას გაუჭირდება, მაგრამ კვალი იქითკენ მიდის და თუ ვერსიულად ვიმსჯელებთ, შეიძლება ორად-ორი ვერსია იყოს; პირველი ეს არის ლაფანყურისთვის შურისძიება ჩეჩნების კონკრეტული ჯგუფის მხრიდან, რომელიც თვლის, ზელიმხანი ისე რომ მოქცეულიყო, როგორც მაშინ ჩატაევი მოიქცა, მსხვერპლი არ იქნებოდა,” – აცხადებს “რეზონანსთან” კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე. მისი განცხადებით, მეორე ვერსიის თანახმად, ხანგოშვილის მკვლელობაში შესაძლოა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ხელი ერიოს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მეორე ჯგუფს კადიროვის ხალხი მიეკუთვნება, რომელიც ბუნებრივია, კრემლთან ასოცირდება. კადიროვი ცდილობს, რომ ევროპაში, ჩენჩნურ დიასპორაში მაქსიმალურად განიმტკიცოს თავისი გავლენები. ზელიმხანისნაირ ადამიანებზე, რომელიც მას ამაში ხელს უშლიან, ლიკვიდაციის ბრძანება გაიცემა-ხოლმე,” – განაცხადა მამუკა არეშიძემ. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპიკერის დმიტრი პესკოვის ცნობით, „ამ საქმეს რუსეთის სახელმწიფოსთან, ოფიციალურ ორგანოებთან საერთოდ არაფერი აქვს საერთო.” პესკოვი კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს ამ მკვლელობასა და ოფიციალურ რუსეთს შორის. ამის შესახებ პუტინის სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა”, – დასძენს გამოცემა.
“ოჯახის ახლო ნათესავი ნონა ხანგოშვილი ზელიმხანის ლიკვიდაციასა და ლაფანყურის სპეცოპერაციას შორის კავშირს გამორიცხავს. ის მომხდარს რუსეთ-ჩეჩნეთის ომში ხანგოშვილის მონაწილეობას უკავშირებს და ამბობს, რომ იჩქრიის მაშინდელ პრეზიდენტთან დაახლოებული საველე მეთაური იყო. ცნობისათვის, ზელიმხან ხანგოშვილი საცხოვრებლად გერმანიაში 2015 წელს, თბილისში მასზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ გადასახლდა და იქ თავშესაფარს ითხოვდა. იმ დროს ხანგოშვილის მეგობარმა, საიხან მუზაევმა გამოთქვა ვარაუდი, რომ თავდასხმა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო მოწყობილი”, – წერს სტატიის ავტორი.