საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბულგარეთის პრეზიდენტს, რუმენ რადევს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ბულგარეთის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ბულგარეთი საქართველოს სანდო პარტნიორი ქვეყნაა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს და არსებულ საფრთხეებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე და შავი ზღვის უსაფრთხობაზე.
„საქართველო ბულგარეთთან აქტიურად თანმშრომლობს ნატოსთან და ევროკაშირთან ურთიერთობის გაღრმავების კუთხით. ბულგარეთი არის საქართველოს მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სლოვაკეთის, ესტონეთის პრეზიდენტებთან და ბელგიის პრემიერმინისტრთან
პრეზიდენტი ასევე სიტყვით გამოვა გამოფენის „50 ქალი საქართველოდან“ გახსნაზე და კონფერენციაზე „ქალთაროლი პოლიტიკაში”.