“რუსთავი 2”- ახალი სატელევიზიო სეზონისთვის ემზადება და ჟურნალისტებს ისევ აქტიურად ეძებს. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, არხზე “კურიერის” ერთ-ერთ გამოშვებას ჟურნალისტი თამარ ურუშაძე წაიყვანს. ამავე წყაროს ცნობით, “რუსთავი 2”-ში შეიძლება ვიხილოთ ვახო ხუზმიაშვილიც.ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, თამარ ურუშაძე უკვე იმყოფებოდა “რუსთავი 2”-ში და ტელევიზიის გენერალურ დირექტორს პაატა სალიასაც შეხვდა.
ტელეკომოანიაში ვიზიტი არ დაუმალავს ურუშაძეს, რომელსაც “ნიუპოსტი” ცოტა ხნის წინ ესაუბრა. ჟურნალისტმა არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია, იმის შესახებაც რომ ის “კურიერის” წამყვანი ხდება:
“ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით ამ თემაზე. რამდენიმე დღეში თუ დამიკავშირდებით, შემეძლება გითხრათ ჩემი სამომავლო გეგმების შესახებ. ახლა აბსოლუტურად ვერაფერს გეტყვით. ჯერ ამ თემაზე საუბარი ნაადრევი მგონია. დღეს მე “მაესტროშიც” ვიყავი და “იმედის” შენობაშიც. 2 დღეში ჩემი პოზიცია ჩამოყალიბებული იქნება და დამირეკეთ მაშინ” – თქვა ჩვენთან საუბრისას თამარ ურუშაძემ.
რაც შეეხება ვახო ხუზმიაშვილს, ჟურნალისტი “რუსთავი 2”-ის მენეჯმენტთან მოლაპარაკებებს უარყოფს, თუმცა “ნიუპოსტთან” ამბობს, რომ შემოთავაზების შემთხვევაში წინადადებას აუცილებლად დათანხმდება.
“ამ დრომდე არავითარი მოლაპარაკება არ მქონია. მაგრამ თუ იქნება “რუსთავი 2”-დან შემოთავაზება, უარს ალბათ არ ვიტყვი. იმის შემდეგ რაც ჩემი კოლეგები შევიდნენ ტელეკომპანია “იბერიაში” წარმატებით დავიწყებ მეც მუშაობას თუ შემომთავაზებენ “-აღნიშნა ხუზმიაშვილმა.
“რუსთავი 2”-ზე საინფორმაციო გამოშვება 20 აგვისტოს შემდეგ არ გასულა. ცნობისთვის, მას შემდეგ რაც არხის გენერალურმა დირექორმა პაატა სალიამ R2-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლა, “კურიერის” სრულმა შემადგენლობამ “რუსთავი 2”-ის დატოვება გადაწყვიტა. მათი უმრავლესობა ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებულ “მთავარ არხზე” აგრძელებს მუშაობას.
“მთავარი არხი” ეთერში 9 სექტემბერს გავა.
წყარო – newpost.ge