“3 100 000-ზე მეტი პირის მონაცემია ისეთი, რომლებიც ვერ გაყალბდება, რადგან ეფუძნება ბიომეტრიულ მონაცემებს და ეს სამუშაო გრძელდება”,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საარჩევნო სიიდან ბოლო წლების განმავლობაში 8 581 მიცვალებულია ამოღებული.
“საარჩევნო წელი მოდის. შესაბამისად, ჩვენ გავაორმაგეთ შრომა ჩვენი საარჩევნო მონაცემების დასახვეწად. დღეისათვის გეტყვით, რომ საარჩევნო სიის ნაწილში მონაცემები არის ამგვარი: საარჩევნო სიაში 3 561 126 პირია. აქედან, ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პირობებში, ვიტყვი, რომ დაზუსტდა და უტყუარად შეიძლება ჩაითვალოს 3 115 296 ამომრჩევლის მონაცემი. შესაბამისად, 3 მილიონ 100 ათას ამომრჩეველზე მეტი მონაცემი ვერ გაყალბდება, რადგან არის ბიომეტრიულ მონაცემზე დაყრდნობილი. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებისთვის იყო მხოლოდ 778 ათასი უტყუარი მონაცემი. დანარჩენი შესაძლებელი იყო, თუკი ამას ვინმე მოისურვებდა, გაყალბებულიყო. ჩვენ საარჩევნო სიიდან ბოლო წლების განმავლობაში ამოვრიცხეთ 8 581 მიცვალებული − ჩვენთვის უცნობია, 2012 წლამდე ეს რაოდენობა აძლევდა თუ არა არჩევნებში ხმას. ასევე, ამოვრიცხეთ ის პირები საარჩევნო სიიდან, რომლებიც ორჯერ იყვნენ სიაში შეტანილი − ასეთი 10 ათასამდე პირია, მათ შორის, ისინი, ვისი ფოტოც იყო სხვა, ან გვარ-სახელზე იყო მიბმული სხვა პირის ფოტო. ეს სამუშაო გაგრძელდება, რათა 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სია იყოს კიდევ უფრო დახვეწილი. ყველაზე დახვეწილი და სანდო სია ჩვენ გვქონდა სწორედ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებისას, ვინაიდან ეს არის დახვეწის დინამიკური პროცესი”,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანი: საარჩევნო სიიდან ბოლო წლების განმავლობაში 8 581 მიცვალებული ამოვრიცხეთ
2019/09/06 12:05:57
კომენტარები
ნანახია: 384 ჯერ