ირლანდიის ავიაკომპანია Aer Lingus-ის კუთვნილი Airbus A320-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც დუბლინიდან რომში მიფრინავდა, ბომბის შესახებ შეტყობინების გამო საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე გადაამისამართეს. ინფორმაციას ფრანგული მედია საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, ვითარებას პრემიერ-მინისტრის სებასტიან ლეკორნუს აპარატი რეალურ დროში აკვირდება.
ფრენების პირდაპირი მონიტორინგის პლატფორმა FlightRadar24-ის მონაცემებით, Aer Lingus-ის რეისმა, რომელიც პარიზის სამხრეთით, ესონის დეპარტამენტის თავზე იმყოფებოდა, კურსი შეცვალა და უკან შემობრუნდა.
ამის შემდეგ თვითმფრინავმა ჰაერში რამდენიმე წრე გააკეთა, ჩრდილოეთის მიმართულებით აიღო გეზი, შემდეგ კი კვლავ სამხრეთისკენ შეუხვია და ნორმანდიის სამხედრო-საჰაერო ბაზისკენ გაემართა.
