ცირკში ვართ? იქნებ მაცადოთ რომ გიპასუხოთ, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ოპოზიციონერ დეპუტატს ელენე ხოშტარიას საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველოს“, „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო − რეგიონების“ სხდომაზე.
ელენე ხოშტარიამ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გიორგი გახარიას კითხვები დაუსვა: – მოხდა თუ არა მომიტინგეების გაფრთხილება აქციის დაშლის წინ, რაზეც გახარიამ უპასუხა: „რაღაც შემთხვევებში გავაფრთხილეთ, რაღაც შემთხევებში – ვერა“.
მალევე ელენე ხოშტარიამ კითხვა დააზუსტა, რის საპასუხოდაც პრემიერობის კანდიდატმა დეპუტატს ასე მიმართა:
„ცირკში ვართ? აბა, მაშინ იქნებ მაცადოთ რომ გიპასუხოთ. არსებობს ბევრი სხვადასხვა საშუალება, რომელიც იყო გამოყენებული“, – მიმართა გიორგი გახარიამ ელენე ხოშტარიას.
ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ გარკვეული სპეციალური საშუალების შემთხვევაში გაფრთხილება მოხერხდა, მაგალითად, წყლის ჭავლის, გაზის გამოყენების შემთხვევებში. ასევე, გახარიას განმარტებით, საზოგადოების გაფრთხილება აქციის დაშლის წინაც მოხდა.
ოპოზიციონერი დეპუტატის ელენე ხოშტარიას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, შს მინისტრის მოადგილემ 15 ივლისს განაცხადა, რომ ასეთ დროს აქციის მონაწილეების გაფრთხილებას აზრი არ აქვს, გიორგი გახარიამ უპასუხა:
„კიდევ ერთხელ გეუბნებით, როდესაც მოხდა წყლის ჭავლის გამოყენება, მაშინ გაფრთხილებამ იმუშავა და ასეთი გაფრთხილება იყო. საერთო ჯამში რამდენიმე გაფრთხილება მოხდა, მათ შორის მედიასაშუალებების გამოყენებითაც. როცა გაზი იყო გამოყენებული, მაშინაც მოხდა გაფრთხილება. იმ შემთხვევაში, როდესაც კონტაქტი შტურმის დროს იყო ძალიან ახლო და ზოგ შემთხვევაში პოლიცია იძულებული იყო გამოეყენებინა რეზინის ტყვია, ამ შემთხვევაში გაფრთხილება ვერ მოხერხდა. მაშინ როდესაც იყო აუცილებელი მოგერიების პირობები, ასეთი გაფრთიხლების ვალდებულება არ არსებობდა. „პოლიციის შესახებ კანონი“ პოლიციას ამის შესახებ აძლევს. წერტილი!“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.