ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ელის. ამის შესახებ აპატურაიმ საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით “ქრონიკასთან” ინტერვიუში განაცხადა.
ჯეიმს აპატურაის თქმით, ის იცნობს საქართველოს თავდაცვის ახალ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და დარწმუნებულია, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.
“საქართველოს მოსახლეობის სურვილი და მისწრაფება ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, მზაობა რეფორმების გატარების მიმართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი -ეს არის პრინციპები, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობისთვის.
მე არ ველოდები საქართველოში ამ ძირითადი პრინციპების შეცვლას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხისთვის ეს მისაღები არ იქნება. ჩვენ ველოდებით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას. მე მაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა საქართველოს მთავრობის წევრებთან, ვისაც კი შევხვედრივარ და მიმუშავია. ვიცნობ საქართველოს ახალ თავდაცვის მინისტრს. შევხვედრივარ მას ნატოშიც და საქართველოშიც. ველოდებით ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა, როდესაც ის პრემიერი გახლდათ და დარწმუნებული ვარ მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.