ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში დაღუპული პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის გარდაცვალებიდან ოთხი წლისთავზე ბაგრამის საავიაციო ბაზის ერთ-ერთ მოედანს გარდაცვლილი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სახელი მიენიჭა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
იდეის ინიციატორი საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი იყო. ქართველი ჯარისკაცის ხსოვნის პატივსაცემად კოალიციურ ბაზაზე მარათონიც გაიმართა. 43-ე ბატალიონის პირად შემადგენლობასთან ერთად გარბენში ჩეხი, ამერიკელი, პოლონელი და ბოსნიელი სამხედროები მონაწილეობდნენ. მარათონში გამარჯვებულები ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ბრაიან ვოლფორდმა საჩუქრებითა და საპატიო სიგელით დააჯილდოვა.
დღესვე 43-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა მიქაელ კირკიტაძემ ვასილ ყულჯანიშვილისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არსებულ წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღავლინა. ღონისძიებას ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ხვიჩა კალანდაძე და 43-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე ესწრებოდნენ.
ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში 2013 წლიდან მსახურობდა. ვასილ ყულჯანიშვილი 2015 წლის 22 სექტემბერს, ავღანეთში, სამოქმედო არეალში პატრულირებისას მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გმირულად დაიღუპა.