24 სექტემბერს სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა „მთავარი არხის“ 49%-იანი წილის მესაკუთრის, კახაბერ ანჯაფარიძის განცხადება.
რეგისტრირებული დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიის წილის 2.5%-ს გიორგი რურუა (ნიკა რურუას ძმა) ყიდულობს და შესაბამისად, კომპანიის პარტნიორი ხდება, რაზეც თანახმაა „მთავარი არხის“ 51%-იანი წილის მესაკუთრე ნიკა გვარამია. ამასთან, ნიკა გვარამია უარს აცხადებს უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებაზე.
გიორგი რურუა ვალდებულებას კისრულობს, რომ ანჯაფარიძის საკუთრებაში არსებული 49%-დან 2.5%-ის მის საკუთრებაში დარეგისტრირებიდან ერთი დღის განმავლობაში, კომპანიის საწესდებო კაპიტალში (ანგარიშზე) 250 000 აშშ დოლარს ფულადი სახით შეიტანს. ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერამდე კი წილის მიმღებმა 2 500 ლარი გადაიხადა.
შპს „მთავარი არხის“ პარტნიორთა გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში თუ გიორგი რურუა ჯეროვნად და სრულად არ შეასრულებს ვალდებულებას, კომპანიის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით (სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე) ის დაკარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებული ვალდებულებების შედეგებსაც, ხოლო წილი საკუთრებაში დაუბრუნდება კახაბერ ანჯაფარიძეს.
თუკი გიორგი რურუა ჯეროვნად და სრულად შეასრულებს ვალდებულებას, ის კომპანიის სრულუფლებიანი პარტნიორი გახდება.
რეესტრში განცხადება 15:40 საათზე არის წარდგენილი და მომსახურებისთვის შეტანილი თანხის რაოდენობის გათვალისწინებით, წილის მონაცემების ცვლილება სამუშაო დღის ბოლომდე აისახება.
შენიშვნა: რეესტრში ცვლილება მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში აისახა.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ინტერმედია პლუსის“ ერთ-ერთ მეწილე კახა ანჯაფარიძესთან ერთად შპს „მთავარი არხი“ 17 აგვისტოს დაარეგისტრირა.
გვარამია კომპანიის 51%-იანი წილის მესაკუთრეა, ამ დრომდე კი 49%-ის მესაკუთრე ანჯაფარიძეა.
რეესტრში განცხადება 15:40 საათზე არის წარდგენილი და მომსახურებისთვის შეტანილი თანხის რაოდენობის გათვალისწინებით, წილის მონაცემების ცვლილება (თუკი ხარვეზი არ გამოვლინდა) დღის ბოლომდე უნდა აისახოს.
ნიკა გვარამია შპს „მთავარი არხი“-ს გენერალური დირექტორის პოზიციასაც იკავებს. კომპანიის ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძეა, ხოლო დირექტორები არიან: „რუსთავი 2“-ის ყოფილი იურისტები დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი.
„მთავარმა არხმა“ 5 სექტემბერს მიიღო ლიცენზია, რომელიც საინფორმაციო პროგრამების და პოლიტიკური ტოქშოუების მომზადების უფლებას ანიჭებს.
„მთავარი არხი“ ეთერში 9 სექტემბერს გავიდა.