ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, დაჯარიმებული ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმების გაუქმების გადაწყვეტილება გაცილებით ადრე მიიღო “ოცნების” გუნდმა, ვიდრე დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ამ ინიციატივის შესახებ წერილს მოამზადებდა.
„წერილს გაგზავნის შემდეგ გადაწყვეტილება უნდა მოჰყოლოდა. გადაწყვეტილება გაცილებით ადრე მივიღეთ. იყოს მისი ინიციატივა, არანაირი პრობლემა არ არის. მთავარია, კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ. მისი წერილის პასუხი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო და პრობლემა რაშია, ვერ ხვდები?! მათი მხრიდან იყო წერილი და გადაწყვეტილება რამდენიმე წუთში მივიღეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
ბექა ნაცვლიშვილი კი მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმების გაუქმების იდეა “ქართულ ოცნებას” არ ეკუთვნის და მან გუშინ რამდენიმე დეპუტატთან ერთად პრემიერ-მინისტრსა და დედაქალაქის მერს წერილით მიმართა.
“1-ელ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმების გაუქმება დამსახურებაა – ბექა ნაცვლიშვილის, კობა კობალაძის, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის, გიორგი ლომიას, ლევან კობერიძის, ზვიად კვაჭანტირაძის. გუშინ, პრემიერ-მინისტრსა და დედაქალაქის მერს წერილი ჩვენ გავუგზავნეთ. მამუკა მდინარაძე კი გამოვიდა და თქვა, რომ ერთჯერად აქტს გამოსცემდნენ. რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, არ არის არც პოლიტიკურად და არც მორალურად გამართლებული“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შეგახსნებთ, რომ მამუკა მდინარაძის განცხადებით, 1-ელ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმების გაუქმებას ერთჯერადი საკანონმდებლო აქტის სახე ექნება.