აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინელ ქალს, ვალერია კირლიუკს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროცესს თავად ბრალდებული არ დასწრებია. ადვოკატის ინფორმაციით, ის ამ დრომდე კლინიკა „ვივამედში“, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პროცესს გადის და დუმილის უფლებას იყენებს.
ოჯახის ადვოკატის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, საქმეში არაერთი პასუხგაუცემელი კითხვაა, მათ შორის – რატომ დატოვა დაკავებულმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბუავა ჩაკეტილ ბინაში და როგორ შეძლო კარის გარედან დაკეტვა, თუ თავადაც იმდენად შეუძლოდ იყო, როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს.
„დღეს ვესაუბრეთ პროკურორს, დაგვპირდა, რომ გაგვაცნობს საქმის მასალებს და შესაბამისად, იმას, რასაც ჩვენ ვკითხულობთ, რაც საქმეში არის და რაზეც ჩვენ ეჭვები გვაქვს, ყველა კითხვას გასცემს პასუხს“, – აღნიშნა ადვოკატმა.
პროკურორ დავით ყაზარაშვილის თქმით, ბრალდებულმა ბინის დატოვებიდან ორი დღის შემდეგაც კი არავის შეატყობინა ბინაში უმწეო მდგომარეობაში დარჩენილი დაურ ბუავას შესახებ.
„2026 წლის 23 აგვისტოს, ბრალდებული დაურ ბუავასთან ბინაში მიდის, სადაც მიიტანა ნარკოტიკული საშუალება და მათ ის ერთად მოიხმარეს. როგორც ბრალდებული აცხადებს, შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ის გონზე 25 აგვისტოს, დილის საათებში მოდის – ესეც მისი ჩვენებიდანაა ცნობილი. ამ დროს დაურ ბუავა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ბრალდებულის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ის მძიმედ სუნთქავდა, მაგრამ სუნთქავდა. ეს ადამიანი ისე, რომ მას არც დაეხმარა, არც პოლიცია გამოიძახა და არც სხვა საშუალებისთვის მიუმართავს, ტოვებს გარდაცვლილის ბინას და თავისი ნაქირავები ბინის მიმართულებით მიდის, მას გზად რამდენიმე ადამიანი შეხვდა, თუმცა არც მათ ეუბნება მომხდარის თაობაზე, ასევე, სხვა ადამიანებმაც მოიკითხეს ბუავას მდგომარეობა და არც მათ უთხრა სიმართლე… დაკავებამდე ის ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, შემთხვევის ადგილიდან ის პირდაპირ იქ გაემართა”, – აღნიშნა ყაზარაშვილმა.
