საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დროისთვის არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი საქართველოში იმყოფება.
თურქული გამოცემა Daily Sabah-ის ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი თურქეთის ერთ-ერთი მოქალაქე შესაძლოა, საქართველოში იმალებოდეს. საუბარია თურქეთის მოქალაქე ადილ ოკსუზზე, რომელიც, ხელისუფლების ცნობით, სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე უშუალოდ ფეთჰულა გიულენთან გადიოდა კონსულტაციებს და ამ მიზნით აშშ-შიც იმყოფებოდა. Daily Sabah-ი წერს, რომ სწორედ ოკსუზმა, გიულენის თანხმობის შემდეგ, თურქ გენერლებთან ერთად სამხედრო გადატრიალების გეგმა შეიმუშავა. 49 წლის ადილ ოკსუზი თურქეთის ქალაქ საკარიაში, თეოლოგიის ლექტორად მუშაობდა, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ის დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც საზღვარგარეთ გაიქცა. ოკსუზზე ამჟამად ძებნაა გამოცხადებული. თურქმა სამართალდამცველებმა დააკავეს ყველა ის პირი, რომელმაც, მათი ვარაუდით, ოკსუზს ქვეყნიდან გაქცევაში დახმარება გაუწია. Daily Sabah-ის ცნობით, თურქული მედიასაშუალებების ნაწილი იტყობინება, რომ ადილ ოკსუზი, შესაძლოა, საქართველოში იმყოფებოდეს. ჟურნალისტების ნაწილის მტკიცებით, საქართველოში ასევე იმყოფება თურქეთში ცნობილი პროკურორი, ვინმე ზაქარია ოზი, რომელიც გიულენთნ კავშირშია ეჭვმიტანილი და სამშობლოდან მას შემდეგ გაიქცა, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში ძალოვანმა უწყებამ მისი დაკავების ორდერი გასცა. Daily Sabah-ის ცნობით, სოციალურ ქსელებში ზოგიერთი მომხმარებელი იმასაც წერს, რომ ოკსუზი და ოზი ერთად ნახეს ერთ-ერთ ქართულ რესტორანში, თუმცა თურქეთის ხელისუფლებას აღნიშნული ინფორმაცია ამ დრომდე არ დაუდასტურებია.
მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღის წინ, როდესაც თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორივე მათგანი საქართველოში დააკავეს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განცხადება გააკეთა. მან განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა იქვე დასძინა, რომ თურქულ მხარეს ამ საკითხზე „საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო კონტაქტი აქვს“.
Daily Sabah-ის ცნობით, უახლოეს მომავალში ადილ ოკსუზზე სავარაუდოდ, საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებენ.