თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, მოქალაქისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად გამოძალვაში ბრალდებულ 5 პირს აღკვეთის ღონისისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
“სასამართლომ ხუთივე ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა პატიმრობა, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ ვერ დაასაბუთა, რატომ იყო ეს აუცილებელი. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ არავითარი თავისუფლების აღკვეთა და გამოძალვა არ ყოფილა. არც ერთი ცნობს თავს დამნაშავედ”, – განაცხადა ზურაბ როსტიაშვილმა.
ადვოკატის თქმით, დაზარალებული “პოლიციასთან დაახლოებული პირი უნდა იყოს”, თუმცა საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა აცხადებს, რომ “დაზარალებული არის უბრალო მოქალაქე, რომელიც გახდა ძალადობის, გამოძალვის, ძარცვის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მსხვერპლი და არანაირი კავშირი პოლიციასთან არ გააჩნია.
შსს-მ დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა. 1970 წელს დაბადებული ზ. ა., 1982 წელს დაბადებული დ. ც., 1987 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ჯ.ბ., 1970 წელს დაბადებული მ. ჩ. და 1969 წელს დაბადებული შ.მ., გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, 1986 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ავტომანქანაში ჩასვეს და მისი ნების წინააღმდეგ, თბილისში, დიღმის მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მიიყვანეს, სადაც თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნულმა პირებმა უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ მოქალაქეს წაართვეს პირადი ნივთები, მათ შორის, ერთ-ერთი ბანკის პლასტიკური ბარათი, რომლიდანაც მოხსნეს მასზე არსებული თანხა. ბრალდებულებმა, ასევე, იძულების წესით ი.ხ. თავის საცხოვრებელ სახლში მიიყვანეს, სადაც დაზარალებულის მეუღლეს 3500 ლარი გამოსძალეს. აღნიშნულის შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი მამაკაცი დამატებით 15 000 ლარის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 ოქტომბერს ჩაინიშნა.