ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს აცნობა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მესაკუთრეებმა სტრასბურგის სასამართლოს პალატის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების იმავე სასამართლოს დიდი პალატის მიერ გადასინჯვა ითხოვეს. ინფორმაციას თავად იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ საქმეზე 2019 წლის 18 ივლისს ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ:
• დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა;
• დაუშვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი, ყოფილი მესაკუთრეების საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით;
• 6 ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა ყოფილი მესაკუთრეების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლებთან თ. ურთმელიძესა და მ. თოდუასთან დაკავშირებით;
• ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ყოფილი მესაკუთრეების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლე ნ. გვეეტაძესთან დაკავშირებით;
• ერთხმად დაუშვებლად ცნო სამართლიანი სასამართლოს ნაწილში დანარჩენი პრეტენზიები.
• ერთხმად დაადგინა, რომ არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში.
„ევროპული სასამართლოს მიერ იუსტიციის სამინისტროსათვის გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ მომჩვანი მხარის მოთხოვნას საქმის დიდი პალატის მიერ გადასინჯვის შესახებ, დადგენილი წესით, განიხილავს 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, დასაშვებად იქნება თუ არა ცნობილი მოცემული მოთხოვნა და გადასინჯავს თუ არა გადაწყვეტილებას ევროპული სასამართლოს დიდი პალატა.
ამ ეტაპზე, სახელმწიფოსგან რაიმე ტიპის დამატებით არგუმენტაციის ან შესაგებლის წარდგენის საჭიროება არ არის. იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებას ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს. სტატისტიკის მიხედვით, 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია მსგავსი თხოვნების დაახლოებით 5%-ს აკმაყოფილებს”- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმე ეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. შესაბამისად, ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის წილების ძმებ ყარამანიშვილებისა და ნინო ნიჟარაძის ნაცვლად, ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამასთვის“ მიკუთვნების შესახებ.The