საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოს შეიარაღებული ძალების, სპეციალური ოპერაციული ძალების 2 სამხედრო მოსამსახურის მშობლები, ვლადიმერ შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების Minehunter-ის ტიპის ხომალდზე, Tcg Akcakoca-ის ბორტზე აიყვანა და ეკიპაჟის წევრები გააცნო.
სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ, წვრთნების დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„ძალიან დიდი პერიმეტრია, თითოეულ დეტალს ამოწმებენ და ეს დროს ითხოვს. თურქული მხარის განცხადებით, სამძებრო სამუშაოს ყველაზე მცირე 3 დღე დასჭირდება, თუმცა შესაძლოა, გაგრძელდეს. მშობლების ჩართულობა იმიტომ მინდოდა, რომ თავად ენახათ, რა ტექნიკურ საშუალებებთან გვაქვს საქმე და გასაუბრებოდნენ ეკიპაჟის ხელმძღვანელობას“,– განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.
წვრთნების დროს დაკარგული კაპრალის, იაგო შარაძის მამამ, ვლადიმერ შარაძემ თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა.
იაგო შარაძის თქმით, თურქული ხომალდის ეკიპაჟს ესაუბრა და პირობა მიიღო სამძებრო სამუშაოების უწყვეტ რეჟიმში გაგრძელების შესახებ.
„დამპირდნენ, რომ 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ და ჩემს შვილს ამომიყვანენ წყლიდან. მაქსიმალურად ყველაფერს გააკეთებენ და მგონია, რომ ყველაფერი კარგად წავა“, – განაცხადა წვრთნების დროს დაკარგული კაპრალის, იაგო შარაძის მამამ, ვლადიმემ შარაძემ.
თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ხომალდზე, ასევე იმყოფებოდნენ თურქეთის გენერლური კონსული, იასინ დემიზქანი და შსს სასაზღვრო დეპარტამენტის დირექტორი, თემურ კვანტალიანი.
გეგმური სწავლების დროს დაკარგულების – სპეციალური ოპერაციული ძალების 2 სამხედრო მოსამსახურის, კაპრალი იაგო შარაძის და პირველი კლასის რიგითის, გიორგი ნანეტაშვილის სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო ღონისძიებაში, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის გარდა, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფის და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენი და შსს სასაზღვრო დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფები არიან ჩართულნი.
დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო ოპერაცია გრძელდება (ფოტოები)
2016/08/21 13:47:16
კომენტარები
ნანახია: 1719 ჯერ