როდესაც ოპოზიციის ლიდერები მიდიან რაღაც პლაკატებით და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ, ეს გარკვეულ დაპირისპირებას გამოიწვევს,- ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი, ირაკლი შიოლაშვილი “სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის კახეთში დღეს მომხდარ დაპირისპირებას.
“დღეს ოპოზიციის ნაწილი ჩასული იყო ბაზარში. მოგეხსენებათ, საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და მით უფრო რაიონებში, ერთმანეთის მეგობრები, ნათესავები, ბაზარში მყიდველიცაა, გამყიდველიც და როდესაც ოპოზიციის ლიდერები მიდიან რაღაც პლაკატებით და აკეთებენ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, აქვე წინსწრებით უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გამოიწვევს გარკვეულ დაპირისპირებას. მათ შორის, შეიძლება იყვნენ პოლიტიკურად როგორც ჩვენი მომხრეები, ასევე ჩვენ მიმართ ოპოზიციურად განწყობილები, ესაა ბუნებრივი პროცესი. ვნახე კადრები, სადაც იყო გარკვეული დაპირისპირება. ჩემი თხოვნა იქნება და მოწოდება, როგორც პირადად მე, პარლამენტის ერთ-ერთ წევრი არ ვაკეთებ პერსონალურ შეურაცხმყოფელ განცხადებას არც ერთი ჩემი ოპონენტის მიმართ, ასევე უნდა მოიქცეს ყველა ჩვენ მიმართ ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატი, პოლიტიკოსი თუ ადამიანი, რომელიც მომავალში აპირებს, რომ პოლიტიკაში შემოვიდეს. მინდა, რომ მომავალში პოლიტიკა იყოს სუფთა. გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ და არ დავუჭირეთ მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემას, რეგიონებში ჩასვლები ხომ აქედან არის გამოწვეული?! ეს ხომ ნიშნავს, რომ ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებაზე, რომ კანონპროექტს დავუჭირო მხარი, ან არ დავუჭირო, ვიღაც პირდაპირ თუ ირიბად ახდენს ამაზე ზეწოლას. პროტესტის გამოხატვაც ღირსეულად შეიძლება. ასე რომ, ერთმანეთს პიროვნული შეურაცხყოფა არ მივაყენოთ“, – განაცხადა შიოლაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს კახეთში, ბოდბისხევის ბაზართან სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის წინააღმდეგ ალეკო ელისაშვილისა და სამოქალაქო მოძრაობის კამპანიის – “ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები” ფარგლებში აქცია გაიმართა, სადაც აქტივისტებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა.
“როდესაც ოპოზიციის ლიდერები მიდიან რაღაც პლაკატებით და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ, ეს გარკვეულ დაპირისპირებას გამოიწვევს”
2019/11/24 21:28:19

კომენტარები
ნანახია: 474 ჯერ