“ორ გვარს შორის სისხლიანი გარჩევის შემდეგ, პანკისში სიტუაცია დაძაბულია. დაპირისპირებაში მონაწილე ქავთარაშვილების ოჯახმა მუთოშვილებისგან სისხლის აღებაზე გაფრთხილება მიიღო, რის გამოც ხეობის უხუცესები და სასულიერო პირები ქავთარაშვილების სახლში სათათბიროდ იყვნენ შეკრებილები”, – წერს გაზეთი “რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პანკისში სისხლისღვრის საფრთხე იზრდება / მუთოშვილების გვარმა შურისძიების გადაწყვეტილება მიიღო
“რეზონანსთან” უხუცესები ამბობენ, რომ ქავთარაშვილების გარდა მუქარა ვრცელდება ინციდენტში მონაწილე ხანგოშვილების, დუიშვილების და ალდამოვების გვარზეც. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლიან დაპირისპირებაში მონაწილეობისთვის ქავთარაშვილთან ერთად 29 წლის რამაზ ხანგოშვილიც დააკავა, მუთოშვილების გვარმა სისხლის აღების გადაწყვეტილება მიიღო. ორივე დაკავებულს გამოძიება მკვლელობას და იარაღის უკანონო ტარებას ედავება. 27 ნოემბერს პანკისში, სოფელ საკობიანოსთან მომხდართან დაკავშირებით განსხვავებული ვერსიები აქვთ მუთოშვილებისა და ქავთარაშვილების გვარების წარმომადგენლებს. თვითმხილველები ყვებიან, რომ სოფლის ცენტრში ვისო მუთოშვილს და მასთან ერთად თანმხლებ ორ პირს 15 შეიარაღებული პირი თავს დაესხათ. ორმხრივი სროლის შედეგად კი 4 პირი დაიჭრა, მათგან კი ვისო მუთოშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გარდაცვლილი ვისო მუთოშვილის ნათესავები დაპირისპირებას ჰესის მშენებლობას უკავშირებენ. მუთოშვილები გლოვის დასრულების შემდეგ დაპირისპირებულ გვართან ანგარიშსწორებას აპირებენ”, – აღნიშნავს გამოცემა.
“პანკისის უხუცესები კი შეხვედრაზე მხარეებს შორის საკითხის მშვიდობიანად მოგვარების აუცილებლობაზე მსჯელობდნენ. ხეობის გავლენიან პირებს შორის შეხვედრაზე, მედიას დასწრების და გადაღების უფლება არ მისცეს. უხუცესები არც სხვა დეტალებს აკონკრეტებენ. თუმცა, ამბობენ, რომ ყველაფერი მაინც გვარების გადასაწყვეტია და მათი გავლენა ასეთი დიდი არ არის. უხუცესები აცხადებენ, რომ ისინი მათ შერიგებას შეეცდებიან, თუმცა, გამოვა თუ არა რამე, რთული სათქმელია. უხუცესი თამაზ ბაღაკაშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ სისხლი ერთ კაცზეა, ვინც მკვლელობა ჩაიდინა და ისე არ უნდა მოხდეს, რომ პანკისში სიტუაცია უმართავი გახდეს. უხუცესი აცხადებს, რომ მათ თუნდაც მოუწოდონ მუთოშვილებს, რომ სისხლის აღებაზე ხელი აიღონ, ისინი იმდენად არიან გამწარებულები, რომ ნაკლებად მოსალოდნელია მათი მოწოდება გაითვალისწინონ. “ოჯახია, გვარია და თავად წყვეტენ რა გააკეთონ. აქ არ არის ისე, რომ ვინმე უხუცესების გავლენის ქვეშ იყოს. ყველა გვარს თავისი უფროსი ჰყავს და თავად წყვეტენ რა გააკეთონ. უბრალოდ ჩვენი თხოვნა იქნება, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დამნაშავეზე გაჩერდეს. უშუალოდ იმ ადამიანზე, ვინც ვისო მუთოშვილი მოკლა და არ მოხდეს უდანაშაულო გვარის წარმომადგენლის დაზარალება“, – აცხადებს უხუცესი”, – განაგრძობს გამოცემა.
“აბდულ ქერიმ ქავთარაშვილი, რომელიც ასევე ადგილობრივი იმამია, აცხადებს, რომ სიტუაციის განხილვა და გაანალიზება მათ გვარშიც მოხდება, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას ისინიც მიიღებენ. ქავთარაშვილი ამბობს, რომ ეს არ არის მუქარა და ეს არის ჩვეულებრივი ტრადიციული გაფრთხილება, რაზეც შესაბამის გადაწყვეტილებას თავადაც მიიღებენ. შვილს უდანაშაულოდ მიიჩნევს პანკისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არბი ქავთარაშვილის დედა. ლეილა გაურგაშვილი ამტკიცებს, რომ არბი ქავთარაშვილი მუთოშვილებთან სასაუბროდ ბიძას, მურად ქავთარაშვილს გაჰყვა და ვისო მუთაშვილის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია. მკველელობის მოტივად ჰესის მშენებლობის ან გვარებს შორის დაპირისპირებას გამორიცხავენ კონფლიქტის შედეგად დაჭრილი მურად ქავთარაშვილის ნათესავები. მათი თქმით, დაპირისპირება პირად თემაზე მოხდა. უხუცესები მუთოშვილების გვართან აქტიური მოლაპარაკებების დაწყებას კი გარდაცვლილის ოჯახში გლოვის დასრულების შემდეგ აპირებენ. უხუცესი ხასო ხანგოშვილი „რეზონანსთან” აბობს, რომ ჯერჯერობით რთულია იმაზე საუბარი მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს და მოხდება თუ არა ამ გვარებს შორის შერიგება. მისი თქმით, სიტუაცია ამ ეტაპზე ცხელია და დანაშაული ახალი მომხდარია, ამიტომაც სანამ დაძაბულობა არ ჩაცხრება, რაიმეზე წინასწარ საუბარი რთულია. „მოხდება თუ არა გვარებს შორის შერიგება, რთული სათქმელია. ჯერჯერობით სიტუაცია ცხელია და წინასწარ რაიმეზე საუბრი რთულია. ვნახოთ, უხუცესები, რა თქმა უნდა, რომ გვარების შერიგებას შეეცდება. მუთოშვილებთან სასაუბროდ გლოვის დასრულების შემდეგ მივლენ”, – წერს სტატიის ავტორი.