სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” კოლორიტული ქართლელი და-ძმა მაზიაშვილების ხაზი აღარ არის. “რუსთავი 2”-ზე ქეთი ხუციშვილის შემდეგ “კომედი ჯგუფში” შოთიკო ნოზაძეც გამოჩნდა. ის პოპულარულ სერიალში თენგოს პერსონაჟს სამუდამოდ დაემშვიდობა და ახალ ტიპაჟებზე მუშაობს.
ამ გადაწყვეტილების მიღება მისთვის ძალიან რთული იყო. ვერც წარმოიდგენდა, რომ სერიალში მუშაობის ხუთწლიან პერიოდს ასე დაასრულებდა. რა იყო იქიდან წამოსვლის მთავარი მიზეზი, შოთიკო ამაზე დღესაც არ საუბრობს, თუმცა გადაწყვეტილებას არ ნანობს. პირიქით, უფრო მეტი აზარტი გაუჩნდა, რადგან “კომედი შოუში” ახალი პერსონაჟები ელოდება.
მართალია, მსახიობი ამ თემაზე არ საუბრობს, მაგრამ მიზეზი სერიალიდან მისი წამოსვლისა სწორედ ის გახდა, რომ მან “რუსთავი 2”-ში დაიწყო მუშაობა, რომელიც “ჩცდ”-ის გუნდმა დემონსტრაციულად დატოვა მას შემდეგ, რაც იქ ხელმძღვანელობა შეიცვალა და ცნობილი მოვლენები განვითარდა. სერიალის ერთ-ერთმა სცენარისტმა და პროდიუსერმა, ირაკლი საღინაძემ, ყველა იმ მსახიობის შესახებ, ვინც შოთიკოს მსგავსად მოიქცა, საჯაროდ განაცხადა, მათ, როგორც მსახიობებმა, პროფესიული თვითმკვლელობა ჩაიდინესო და ამით ყველაფერი თქვა.
შოთიკოს ამ რთულ პერიოდში, ისე როგორც ყოველთვის, ახლაც გვერდით ცოლი, სოფიო აბუაშვილი, ედგა. მათ 2 წლის ქალიშვილი ნინე ჰყავთ, რომელიც მამას ყოველდღე აოცებს. კომედიური როლების შემდეგ მსახიობს ყველაზე კარგად ბავშვების გართობა გამოსდის, ამიტომაც მან ახალი ბიზნესიც წამოიწყო.
ცხოვრების ამ დიდ ცვლილებებზე და სიახლეებზე შოთიკომ “სარკესთან” ისაუბრა.
– თქვენს ცხოვრებაში ბოლო დროს ბევრი სიახლეა, გახდით კომედი ჯგუფის წევრი, “ჩემი ცოლის დაქალებში” კი აღარ იქნებით. როგორ მიიღეთ ეს ცვლილებები და რა იყო ამ არჩევანის გაკეთებისას თქვენთვის მთავარი?
– ჩემთვის დიდი სიახლეა “კომედი ჯგუფში” მუშაობა, რადგან, გადაღების სპეციფიკიდან დაწყებული, ყველაფერი ახალია. ვფიქრობ, რომ უფრო მეტად შევძლებ საკუთარი თავის რეალიზებას. “კომედი შოუში” ყოველ ჯერზე ახალ-ახალი პერსონაჟების განსახიერება მომიწევს, რაც უფრო მრავალფეროვანს გახდის ჩემს საქმეს.
რაც შეეხება სერიალს, იქიდან მე წამოვედი, არავის გამოვუშვივარ. რაღაცებზე ვერ შევთანხმდით, რაზეც არ მინდა საუბარი.
– იყო გულისტკენა?
– რა თქმა უნდა, გულისტკენა იყო, რადგან ხუთი წელია სერიალის გუნდთან ერთად ვცხოვრობ და იქაურობა ჩემი მეორე სახლივით იყო. შევიძინე უამრავი მეგობარი. ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს “ჩემი ცოლის დაქალებთან” და ამიტომ რთული იყო ჩემთვის იქიდან წამოსვლა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. რთული იყო გუნდთან დამშვიდობება. კარგია, რომ ისევ იუმორის სფეროში განვაგრძობ მუშაობას.
– როგორ ფიქრობთ, რატომ არ შეგინარჩუნათ “ჩემი ცოლის დაქალების” გუნდმა თქვენ და თქვენი პერსონაჟი?
– როგორც აღვნიშნე, არ მინდა ამ საკითხზე საუბარი. ვერიდები, რადგან შეიძლება საზოგადოებამ ჩემი ნათქვამი მაინც სხვანაირად აღიქვას. უბრალოდ, რაღაცებზე ვერ შევთანხმდით. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი დაკარგვა არ უნდოდათ, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა.
სიახლეები ყოველთვის კარგია. თუ აქამდე მაყურებელი ჩემგან ელოდა მხოლოდ თენგოს, ახლა იქნება ჩემგან გელა, ჯემალა და ნარგიზა ალბათ.
– ანუ ქალსაც ითამაშებთ?
– არ ვიცი, როგორც სცენარი და სიტუაცია მოითხოვს. თითოეული პერსონაჟის დაბადება ხანგრძლივ პროცესთან არის დაკავშირებული. ჯერ ახალი ვარ ამ გუნდში და ცოტა დაძაბული ვარ, ვეჩვევი მუშაობის ჩქარ ტემპს.
– ზოგადად გქონდათ პერსონაჟ თენგოს მიმართ მობეზრება?
– რა თქმა უნდა, ხანდახან ძალიან გამაღიზიანებელი იყო, ყველგან თენგოდ რომ აღმიქვამდნენ. აი, მაგალითად, ძალიან ვბრაზდებოდი, როდესაც ჟურნალისტი დამირეკავდა და მომმართავდა, როგორც თენგოს. როდესაც ურეკავ ადამიანს, მისი სახელი და გვარი მაინც უნდა იცოდე. თენგომ გამხადა პოპულარული და ძალიან მიყვარს ეს პერსონაჟი, მაგრამ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ადამიანები ასე არ უნდა აღგიქვამდნენ.
– თქვენ და ქეთი ხუციშვილი ერთდროულად დაემშვიდობეთ სერიალს. თქვენი ტენდემი – და-ძმა თენგო და ლუნა – “კომედი შოუს” ხომ არ დაემატება?
– ჰო, და-ძმა მაზიაშვილები სერიალში აღარ იქნება. არ ვიცი, რამდენად მოუნდებათ სცენარისტებს ჩვენი დუეტის გაგრძელება “კომედი შოუში”. ალბათ უფრო ახალ ტიპაჟებზე ვიქნებით ორიენტირებულები.
– ამდენი წლის ერთობლივმა მუშაობამ თქვენ და ქეთი ალბათ დაგამეგობრათ კიდეც.
– კი, როგორც სერიალში ვიყავით და-ძმა, ისე ცხოვრებაშიც ვართ ძალიან კარგი მეგობრები. გადაღების პირველივე დღიდან გამოვნახეთ საერთო ენა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე უფროსია, ურთიერთობაში ეს არასოდეს იგრძნობა, ძალიან ერთგული და საყვარელი ადამიანია. მოკლედ რომ გითხრათ, კარგი ქართლელია, პირდაპირი და ჯიგარი.
ასევე ძალიან დავმეგობრდი ზურა ნიჟარაძესთან, რომელიც ასევე “კომედი შოუში” გამოჩნდა. ძალიან გემრიელი კაცია. ბევრს ჰგონია, რომ ზურა ცხოვრებაშიც ისეთივე უდარდელი მოქეიფეა, როგორიც სერიალში გავიცანით. ქეიფი ცხოვრებაშიც უყვარს. ზურასგან განსხვავებით, მე თამადობა არ მიყვარს, ზურას კი ეს საქმე ძალიან კარგად გამოსდის. კარგი თამადაც არის და კარგი მოსაუბრეც. განსაკუთრებით მიყვარს სუფრასთან მისი წაკითხული ლექსები.
– ტელევიზიის პარალელურად სხვა საქმიანობით თუ ხართ დაკავებული?
– რუსთავში, სადაც ვცხოვრობ, გავაკეთე ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრი, სადაც დაბადების დღეების წამყვანიც ვარ და ცენტრის ხელმძღვანელიც. ძალიან მონდომებული ვარ, რომ ეს საქმე წარმატებულად ვაქციო. ამოსავალი წერტილია, ყველა ბავშვი ბედნიერი წავიდეს ჩემგან.
– რა უფრო კარგად გამოგდით, უფროსობა თუ ბავშვების გართობა?
– ყველაზე კარგად ბავშვების მართვა გამომდის. ჩემთვის სიახლეა, როდესაც პატარა, მაგრამ მაინც კომპანიის მართვა მიწევს.
– პატარა ნინესთან როგორი მამაშვილობა გაქვთ?
– ნინე უკვე 2 წლისაა და ბაღში დაიწყო სიარული. ყოველდღე აღმოჩენებში ვარ და სულ მაკვირვებს. ჩემი დატვირთული გრაფიკის გამო ბევრ დროს ვერ ვატარებ მასთან და ამიტომ, როცა ერთად ვართ, ყოველ წუთს ვიყენებ, რომ კარგი მამა ვიყო. ყველა მამა ვალდებულია თავის შვილს მეტი დრო დაუთმოს.
– თავად როგორი ბავშვი იყავით?
– მე, ზოგადად, ძალიან რთული ბავშვობა გავიარე, 90-იანი წლები, უშუქობა, უგაზობა… რუსთავში გავიზარდე და იქ დავამთავრე სკოლა. იმ გაჭირვებულ დროსაც ჰქონდა თავისი დადებითი მხარეები, რადგან მეტი ურთიერთობა იყო ადამიანებს შორის.
დღევანდელი ბავშვები სულ ტელეფონებში და პლანშეტებში არიან თავჩარგული. ჩვენ მეტი დრო გვქონდა ერთმანეთისთვის და ბევრად ხალისიანები ვიყავით. კარგად მახსენდება ის წლები, ლამფის შუქზე მეგობრებთან საუბრები. რადიოზე გაზრდილი თაობა ვარ და დღემდე ძალიან მიყვარს რადიოს მოსმენა.
– რა იყო თქვენი პირველი სამუშაო?
– 16 წლის ვიყავი, თეატრში რომ ვთამაშობდი და კარგად მახსოვს ჩემი პირველი ხელფასი. 16 სპექტაკლში ავიღე 8,50 ლარი.
– როგორია თქვენი ოჯახური ატმოსფერო? მშობლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ცხოვრობთ?
– კი, ცალკე ვცხოვრობთ. ზუსტად ისეთი ოჯახი მყავს, როგორზეც ვოცნებობდი. მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და არაჩვეულებრივი შვილი. სოფო და ჩემი პატარა ნინე უფრო მეტ ძალას მაძლევენ, რომ მობილიზებული ვიყო ჩემს საქმეზე. მეგობრებს ძალიან უყვართ ჩემს ოჯახში სტუმრობა, რადგან, როგორც ამბობენ, ყოველთვის თბილი და კარგი გარემო ხვდებათ. ოჯახში ძალიან გვიხარია სტუმრის მოსვლა და ამას ყოველთვის გრძნობს მომსვლელი. ამიტომაც ჩვენთან მუდმივად სტუმრიანობაა.
– ყოფით პრობლემებს, რომლებიც ყველა ოჯახშია, როგორ უმკლავდებით, რომ მათ თქვენს ურთიერთობაში რომანტიკა არ გადაფარონ?
– ურთიერთგაგება თუ არის, ვფიქრობ, რომ წყვილი ყველაფერს გაუძლებს. ცოლ-ქმარს ერთმანეთის ძალიან კარგად უნდა ესმოდეს. ასეთ შემთხვევაში ყველა პრობლემა ადვილად მოგვარდება.
ჩვენი ოჯახი უკვე 5 წლისაა. ერთადერთი, რაც გვაკლია, ეს არის ერთად გატარებული დრო. დილიდან გამოსული სახლში გვიან ვბრუნდები. სულ რუსთავი-თბილისის გზაზე ვარ, ამიტომ ვისურვებდი, უფრო მეტი დრო ვყოფილიყავი სახლში. ოჯახის წევრებს სულ ვენატრები, მაგრამ იმასაც ხვდებიან, რომ სხვანაირად არ შეიძლება. ერთადერთი კვირადღე მაქვს, როდესაც მთლიანი დღე ეთმობა ოჯახს.
– სიყვარულმა თუ იცვალა ფორმა ან ფერი?
– სოფო ისევე მიყვარს, როგორც შეყვარებულობის პერიოდში და სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება. სოფო ის ადამიანია, ვინც მინდოდა, ჩემ გვერდით ყოფილიყო. ჩემი მომავალი მთლიანად მასთან არის დაკავშირებული.
– სოფო თქვენს პოპულარობას როგორ აღიქვამს? ალბათ სოციალურ ქსელშიც ხშირად გწერენ თაყვანისმცემლები.
– საბედნიეროდ, ჩემი თაყვანისმცემლები კალთებს არ მახევენ. ამდაგვარ რაღაცებზე სერიოზული რეაქცია არც უნდა ჰქონდეს ადამიანს. ძირითადად ბავშვები უფრო გამოირჩევიან ჩემს თაყვანისმცემლებში. ერთხელ ბავშვი მოვიდა და გამომიტყდა, შენს სერიალს არ მაყურებინებენ, მაგრამ ჩუმად ინტერნეტში მაინც ვნახულობო. არ არის სასიამოვნო, როდესაც პატარა ბავშვი უყურებს ფილმს, სადაც უცენზურო სიტყვებიც არის.
– ცხოვრებაშიც გიყვართ უცენზურო სიტყვების ხმარება?
– არ ვიგინებოდი, სანამ თენგო გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში. ბილწსიტყვაობით არც ახლა გამოვირჩევი, მაგრამ თენგომ მაინც იქონია გავლენა ამ მხრივ. ძირითადად საჭესთან ვიგინები, როდესაც შენ კანონმორჩილად იქცევი და ამ დროს ვიღაცა სასწაულებს ჩადის. ახლა ალბათ გადავეჩვევი გინებასაც, რადგან სკეტჩებში უცენზურო სიტყვები არ არის მიღებული.
წყარო: სარკე