“რა მოხდა ბათუმში და რა გახდა 29 წლის პატრულის თანამშრომლის ოთარ თავართქილაძის დაჭრის მიზეზი, სრულიად გაურკვეველია. შემთხვევა 18 დეკემბერს საღამოს საათებში ჭავჭავაძის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრ „პლაზასთან“ მოხდა. საპატრულო ეკიპაჟს, რომელიც ქუჩაზე მოძრაობდა, ახალგაზრდა მამაკაცმა ხელი დაუქნია და გაჩერება სთხოვა. პოლიცია ჩერდება და მოქალაქე მარჯვენა მხრიდან მანქანას უახლოვდება, მიახლოვებისთანავე კი ის პოლიციელს ყელის არეში ბასრ საგანს ურტყამს. პოლიციელი ინსტიქტურად თავის დაცვას ცდილობს და ხელს იშველიებს. მამაკაცი პატრულის თანამშრომელს ასევე ხელის არეშიც დაზიანებას აყანებს. ეს ყველაფერი კი ძალიან სწრაფად მოხდა. ამის შემდეგ დამნაშავე გაქცევას ცდილობს, თუმცა მას დაჭრილი პატრულის მეწყვილე მისდევს და რამდენიმე მეტრში აკავებს. თავართქილაძე მეწყვილესთან ყელზე ხელმიფარებული მიდის და ამოწმებს დააკვა თუ არა დამნაშავე. ამის შემდეგ კი უკან მანქანისკენ ბრუნდება, თუმცა ის გზაში იქცევა. თავართქილაძის დახმარება მოქალაქეებმა შეძლეს. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, თუმცა მის მოსვლას აღარ დაელოდნენ, რადგანაც სისხლდენა სწრაფი იყო. დაჭრილი საავადმყოფოში მოქალაქის ავტომობილით გადაიყვანეს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “არაფერი უთქვამს… პირდაპირ ყელსა და კისერში დაუსვა“ – სასიკვდილოდ გამეტებული პოლიციელი გამვლელებმა გადაარჩინეს
“დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში „რეზონანსს“ განუცხადეს, პოლიციელი კონტაქტურია, თუმცა პრევენციისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. საავადმყოფოში ამბობენ, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა და დაგვიდასტურეს ინფორმაცია, რომ პაციენტი კლინიკაში მოქალაქემ შეიყვანა. მას აღენიშნებოდა ორი ჭრილობა, რომელიც კისრის არეში ბასრი ნივთით იყო მიყენებული. მათი თქმით, ჭრილობა იყო ღრმა, დაზიანებული იყო მცირე ვენები და ხორხის ზედაპირი. ხელზე მცირედი, უმნიშვნელო ჭრილობა ჰქონდა. ჩატარდა ოპერაცია და დაუმუშავდა ჭრილობა. მედიკოსები ამბობენ, რომ პოლიციელის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. პოლიციელს დიდი სისიხლის დანაკარგი ჰქონდა, მაგრამ ჯამში კარგი დინამიკაა და მის სიცოცხლეს საფთხე არ ემუქრება. თვითმხილველები კი “რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მამაკაცი, რომელმაც პოლიციელი დაჭრა, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. მათი თქმით, ის ქუჩაში მიდიოდა, ყვიროდა და იგინებოდა. სავარაუდოდ, არსებობს ეჭვი რომ მამაკაცი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო”, – აღნიშნავს გამოცემა.
“დაჭრილი პოლიციელის ერთ-ერთი მეგობრი, გოჩა შავაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ოთარ თავართქილაძე საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრების წევრია და ის საკმაოდ კარგი თანამშრომელია. მისივე თქმით, დამნაშავეს პოლიციელი არ იცნობდა და მათ მანქანა მხოლოდ იმიტომ გააჩერეს, რომ მოქალაქემ ხელი გაუქნიათ. ეგონათ, რომ რაღაც უჭირდა და დახმარებას სთხოვდა. მეგობარი ამბობს, რომ პოლიციელი ბეწვზეა გადარჩენილი, რადგანაც მედიკოსებმა იყოჩაღეს და მას სიცოცხლე შეუნარჩუნეს”, – დასძენს გამოცემა.
“ჩვენც ის ვიცით, რაც მედიით ყველამ ნახა. ოთარი თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც მისთვის სრულიად უცნობმა ადამიანმა დაჭრა. არც არაფერი უთქვამს, პირდაპირ მიუახლოვდა. მას ეგონა, რომ რაღაც უჭირდა და გასაუბრება უნდოდა. მან კი პირდაპირ ყელში და კისერში დაუსვა. „ექიმებმა იყოჩაღეს და მოქალაქეებმაც. ის მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ძალიან კარგი ბიჭია, სპორტსმენი, მკლავჭიდელია. მისგან წყენა და რაიმე კონფლიქტი არავის ახსოვს. წლებია თავის პროფესიულ და სამსახურეობრივ მოვალეობას პირნათლად ასრულებს“, – აცხადებს მეგობარი „რეზონანსთან“. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დააკავეს ერთი მამაკაცი, რომელიც ბათუმში პოლიციელს თავს დაესხა და ჭრილობა მიაყენა. უწყების ინფორმაციით, ის შემთხვევის ადგილზე პოლიციელის მეწყვილემ აიყვანა. გამოძიება სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს”, – წერს სტატიის ავტორი.