ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მოქმედება , ვინაიდან, ამან შეიძლება გამოიწვიოს ტელევიზიის საქმიანობის შეფერხება,-ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ტელეკომპანიის ანგარიშებზე ინკასოს დადების საკითხს.
ის მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროს მსგავსი ღონისძიებები მომავალში არ გამოიყენოს და ტელეკომპანიის მენეჯმენტი შეეცდება მიმდინარე დავალიანებები გადაიხადოს.
„დაახლოებით ერთი საათის წინ მივიღეთ შეტყობინება, რომ ჩვენს საბანკო ანგარიშებს დაედო ინკასო შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე. ეს არის შედეგი, იმ გაფრთხილებისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ორი დღის წინ. ჩვენი პოზიცია უცვლელია , მე ვთვლი, რომ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მოქმედება ამ შეთხვევაში, ვინაიდან, ამან შეიძლება გამოიწვიოს ტელევიზიის საქმიანობის შეფერხება. ჩვენ, მენეჯმენტი ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს არ მოხდეს და ახალი წლის წინ არ მოხდეს არხის პარალიზება, თუმცა კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ 27 მილიონი ლარი დავალიანება დაგროვდა სწორედ იმის გამო, რომ ასეთი პრინციპულობა , რასაც ახლა ირჩევს ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური , მათ არ გამოუჩენიათ წინა მენეჯმენტის პირობებში, წლების განმავლობაში, როდესაც ეს ვალი თვიდან თვემდე გროვდებოდა. რამდენიმე წელი გავიდა, ასეთი მოქმედება არ განუხოცრიელებიათ და ახორციელებენ დღეს , როდესაც ჩვენ უკვე ვიხდიდით მიმდინარე დავალიანებებს, უბრალოდ მცირედი გადაცილება გვაქვს დროში. აქედან გამომდინარე, ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მოვუწოდებ ფინანსთა სამინისტროს, რომ ასეთი ღონისძებები არ გამოიყენოს მომავალში და ვეცდებით, რომ მიმდინარე გადასახადები დავფაროთ“,-განაცხადა სალიამ.