საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ტრაგიკული შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.
„კვირას“ ინფორმაციით, 44 წლის რამაზ ბოლქვაძე სახლში სამუშაოებს ელექტროხერხით ასრულებდა, როდესაც ხერხი გაუვარდა და ყელის არეში დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევის დროს სახლში მისი ოჯახის წევრებიც სახლში იმყოფებოდნენ.
რამაზ ბოლქვაძის ოჯახი უკვე რამდენიმე წელია საბერძნეთში ემიგრაციაში იმყოფება.
„კვირას“ ინფორმაცია საბერძნეთში საქართველოს საკონსულოში დაუდასტურეს.
როგორც „კვირას“ საკონსულოს თანამშრომელმა ლაშა კიკვაძემ განუცხადა, დღეს საკონსულოს გარდაცვლილის მეუღლემ, თინათინ მშვილდაძემ მიმართა.
„გარდაცვლილის მეუღლემ განცხადებით მოგვმართა. იგი საქართველოში დასაბრუნებელ მოწმობას ითხოვდა, რაც დავუკმაყოფილეთ.
საბერძნეთში საქართველოს საკონსულო აქტიურად არის ჩართული საქართველოს მოქალაქის გადმოსვენებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოსამზადებლად. გარდა ამისა, თინათინ მშვილდაძემ განცხადებით მოგვმართა, რომ მისი მეუღლის საქართველოში გადასვენებაში საქართველოს სახელმწიფო დაეხმაროს. ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, ვფიქრობთ, გარდაცვლილს საქართველოში კვირის ბოლოს გადაასვენებენ“, – განუცხადა „კვირას“ ლაშა კიკვაძემ.
ცნობისათვის, 44 წლის რამაზ ბოლქვაძეს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
www.kvira.ge