საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდს აქვს საერთო მიზანი, არ შეიქმნას კრიზისული სიტუაცია, გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღონ და კომპრომისზე წავიდეს ორივე მხარე, „წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამ მოლაპარაკების მაგიდასთან არ ვისხდებოდით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „დღის ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში.
„მათ რაღაც რადიკალურის, დამხობისკენ წაყვანილი მდგომარეობის გარდა გამოსავალი არ აქვთ. ჩვეულებრივ არჩევნებში მათ შანსი ხელისუფლებაში არ აქვთ, ამის ილუზია, მოთხოვნილება, ძალაუფლების წყურვილი აქვთ. და შიგნით რომ ვერაფერი ქნეს, ცდილობენ დარტყმები გარედან მოგვაყენონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან მთავარი გამოწვევა 2020 წელს ფეიკნიუსი იქნება და მმართველი გუნდი ეცდება, რომ უცხოელი პარტნიორები აღარ დაეყრდნონ ფეიკნიუსებს.
„ჩვენ ამას გავუმკლავდებით. ისინი ისე გათავხედნენ, რომ ფეიკნიუსების საფუძველზე მეილებს სწერენ საათში ერთ ჩვენ უცხოეულ პარტნიორს“.
რაც შეეხება ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეხვედრის მეხუთე რაუნდს, მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციამ უმრავლესობას შესთავაზა ე.წ. გერმანული მოდელი, რომელსაც მისი თქმით, გერმანულთან საერთო არაფერი ჰქონდა.
„მეორე ეტაპზე შემოგვთავაზეს მაჟორიტარული ნაწილისთვის ავღანური მოდელი, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს რაციონალიზმთან, დემოკრატიასთან, პრაქტიკასთან რომელიც საქართველოში შეიძლება განხორციელდეს. ამის შემდეგ, როცა გვეხვეწებოდნენ თქვენ გვითხარით მაშინ რა დათმობაზე და კომპრომისზე შეიძლება წახვიდეთ, ჩვენ წავედით კომპრომისზე და შიდა დინებების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, რომ შეგვეთავაზებინა 100/50-ზე სისტემა“, – განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, შეხვედრის მეხუთე რაუნდისთვის კონკრეტული დღე მონიშნული არ არის, მისი თქმით უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლები ახლა მოდერატორებს ხვდებიან და საქმის დეტალებს აცნობენ.