გულით მოვიწევდი თქვენსკენ, – ასე მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავღანეთში დისლოცირებულ ქართველ სამხედროებს.
იზორიამ პირველი ოფიციალური ვიზიტი სწორედ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გამართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაცია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც თავდაცვის მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიიღო საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის საქმიანობის შესახებ. ბატალიონის ხელმძღვანელობამ თავდაცვის მინისტრს უშუალოდ გააცნეს საქმიანობის დეტალები და სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების როლი. თვდაცვის მინისტრმა სამხედროებთან ერთად ისადილა და ჯარისკაცების პრობლემებით დაინტერესდა. თავდაცვის მინისტრმა “მტკიცე მხარდაჭერის” მისაში ქართველი სამხედროების როლზე ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურთან, გენერალ-მაიორ ჯეფრი ბანისტერთნაც ისაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ლევან იზორია ქართველ სამხედროებს შეხვდა და სიტყვით მიმართა. თავდაცვის მინისტრმა ქართველ ჯარისკაცებს თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა.
“ძალიან მიხარია რომ მე თქვენს გვერდით ვარ. გულით მოვიწევდი თქვენსკენ. პირველი ვიზიტი შეგნებულად სწორედ აქ განვახორციელე, ერთადერთი მიზნით, რომ გამოვხატო დიდი სიყვარული და პატივისცემა თქვენს მიმართ. მინდა გითხრათ უდიდესი მადლობა იმ საქმისთვის, რასაც აქ ახორციელებთ. თითოეული ქართველისთვის, განსაკუთრებით კი თქვენი ოჯახის წევრებისთვის, თქვენ ხართ სიამაყე. მე როდესაც შევხვდი გენერლებს, მათ გამოხატეს უდიდესი მოკრძალება თქვენს მიმართ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ვაჟკაცები, გაბედულები ნებისმიერ საქმეში. მართალია ჩვენ ვართ მცირე ერი, მაგრამ ჩვენ გვაქვს დიდი გული, დიდი სულისკვეთება. და ის რაც მე აქ ვნახე, მართლაც რომ მოლოდინს აჭარბებს. თქვენ ყოველდღიური საქმიანობა გიწევთ დიდი საფრთხისა და რისკის ფასად და ეს უნდა იცოდეს თითოეულმა ქართველმა, უნდა დააფასოს თქვენი ღვაწლი და უნდა იყოს ყოველთვის მადლიერი და ამიტომაც არის, რომ საქართველოში თუ ვინმეს აქვს ყველაზე დიდი ნდობა ეს ხართ თქვენ, ჯარი. ამისთვის თქვენ დიდი მადლობა. მე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვეუბნები გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, მადლობას ვეუბნები უფროს სამხედრო წარმომადგენელს ავღანეთში, ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გიგა ავალიანს. ყველა ოფიცერს ვინც აქ არის, ვინც აქ იყო და ვინც მომავალშიც იქნება. დიდი მადლობა მათ თითოეულს გაწეული ღვაწლისთვის ჩემო ძმებო. თუმცა ეს ბრძოლა და ეს ვალდებულება, რასაც ჩვენ ვიხდით ჩვენი ქვეყნის წინაშე, მსოფლიო საზოგადოების წინაშე, მართალია, დანაკარგების გარეშეც ვერ იქნება. მე დავრჩი მართლაც აღფრთოვანებული, როდესაც ვნახე თუ როგორ მიაგებთ თქვენ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში პატივს მათ ხსოვნას. დიდი მადლობა ამისთვის და მინდა თქვენთან ერთად ქედი მოვიხარო იმ ვაჟკაცების წინაშე, რომელთაც სისხლი დაღვარეს ავღანეთში. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გითხრათ, რომ ჩვენ 31 აგვისტოს პირველად ვიზეიმებთ ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეს. 1999 წელს პირველი საერთაშორისო მისია განხორციელდა კოსოვოში და ამ მისიის შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ თქვენთან ერთად ყველაზე დიდი ნდობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ნდობა, რომელიც მოპოვებულია ჩვენი პროფესიონალიზმით, ჩვენი ერთგულებით საქმის მიმართ და იმ მეგობრობიდან გამომდინარე, იმ სულისკვეთებიდან გამომდინარე, რაც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა დაინახეს. ჩვენი მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში არის მართლაც შეუფასებელი და ამიტომ, ჩვენ 31-ში ვიზეიმებთ ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეს თქვენთან ერთად. ამიერიდან ეს არის თქვენი დღე. თქვენ ხართ ქართველნი, რომლებიც მშვიდობას უზრუნველყოფთ მსოფლიოში. მე მინდა კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გითხრათ ჩემო ძმებო. მინდა ერთადერთი სურვილი გამოვხატო, რომ ყველანი დაბრუნდეთ ჩვენს ლამაზ ბედნიერ საქართველოში მშვიდობით. იმიტომ, რომ თქვენნაირი შვილები არის სწორედ გადარჩენის და აყვავების შანსი ჩვენი ქვეყნისთვის. მე ყველაზე მეტად სწორედ თქვენს გვერდით ვგრძნობ ქართულ გენს, გენს დავით აღმაშენებლისა, გენს ჭავჭავაძისა. თქვენ გენაცვალეთ ჩემო ძმებო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის”, – მიმართა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქართული ბატალიონის შემადგენლობას.
თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართვის დასრულების შემდეგ V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა და სამხედრო სამსახურისთვის მადლობა პირადად გადაუხადა. ბატალიონის მეთაურმა, ვიცე პოლკოვნიკმა გიგა ავალიანმა კი თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს ბატალიონის სახელით საჩუქრები გადასცა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი თავდაცვის მინისტრი სამხედროებს პირადად გაესაუბრა პრობლემებზე და მათ გადაჭრას დაჰპირდა. ლევან იზორია, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ბაგრამის ბაზაზე მოქმედ ქართულ ეკლესიაში ქართველ და უცხოელ სამხედრო მოსმსახურეებთან ერთად შეხვდა და წმინდა მარიამის ხატი მიაბრძანა. წირვის შემდეგ თავდაცვის მინისტრი ჯარისკაცებს თბილისიდან ჩატანილი სადღესასწაულო ქადებით პირადად გაუმასპინძლდა.