საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 2019 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტულის მფლობელებს შეხვდა და გამარჯვება პირადად მიულოცა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა ლუხუმ ჩხვიმიანს, ლაშა ტალახაძეს, ბექა ლომთაძეს, ნუგზარ წურწუმიასა და ლაშა გობაძეს სპეციალურად მათთვის გამართულ ვახშამზე უმასპინძლა.
„აღსანიშნავია, რომ ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, 2019 წელს ექვსივე სპორტსმენმა ქვეყანას ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიო ჩემპიონის მედალი მიუტანა, რის გამოც საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ყველა მათგანს წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტული მიანიჭა“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, გიორგი გახარიამ ჩემპიონებს ქართულ სპორტში შეტანილი წვლილისა და მისი პოპულარიზაციისთვის დიდი მადლობა გადაუხადა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.