ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის აზრით, სატრანსპორტო ღონისძიებები და ჰიგიენის დაცვის ნორმები უნდა გამკაცრდეს.
მისი თქმით, შესაძლებელია, რომ მიკროავტობუსებსა და ავტობუსებში ადამიანების განლაგების სტრატეგია შეიცვალოს.
ამასთან, ალერგოლოგ-იმუნოლოგი მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ნიღაბი სწორად გამოიყენონ.
მისი განმარტებით, ნიღაბს აქვს ძალიან დიდი შემაკავებელი ეფექტი, პირველ რიგში, ის სწორად უნდა გამოვიყენოთ და ორ-სამ საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოს.
„ხშირად ვამბობთ, რომ ნიღაბი ფარსად გადაიქცა და ადამიანები ერთმანეთს უცვლიან, მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ამას ძალიან გულისყურით მოვეკიდოთ, რადგან ინფექციის განვითარების მასშტაბი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ვირუსი მოხვდება ჩემს ორგანიზმში. ნიღაბს აქვს ძალიან დიდი შემაკავებელი ეფექტი, პირველ რიგში, ის სწორად უნდა გამოვიყენოთ – ორ-სამ საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოს, შესაძლოა, ნაჭრის, კუსტარულ ნიღაბს რაღაც ვირუსის ნაწილი გაეპაროს, მაგრამ ვირუსის მცირე ნაწილს ორგანიზმის იმუნური სისტემა დროულად ამოიცნობს და არ მისცემს მძიმე დაავადების განვითარების საშუალებას“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა „ტვპირველის“ ეთერში.