ბაგებში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შენობის მიმდებარედ სროლის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ იქნა შემოყვანილი ორი საშუალო ასაკის მამაკაცი. ერთ-ერთს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა მარჯვენა ქვედა კიდურის არეში, მცირე წვივის ძვლის დაზიანებით, რომელიც გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში და უტარდება ოპერაცია. მეორე მამაკაცს აღენიშნებოდა მარცხნივ, ბარძაყის უკანა ზედაპირზე ნაკვეთი საშუალო ზომის ჭრილობა. მას ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- განაცხადა ემრჯენსის ექიმმა ნიკოლოზ ფერაძემ.
თბილისში ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შენობის მიმდებარედ, სროლა იყო. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.