იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე დღეს, 18 ივნისს, ალეკო ელისაშვილთან და ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმის ხელმოწერას გეგმავს.
ეს კანონდარღვევაა – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება.
საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ როცა “სხვას აკრიტიკებ გამჭვირვალობის, საჯაროობის, კეთილსინდისიერების ნაკლებობისთვის, თავად კანონის დამრღვევი არ უნდა იყო”.
“როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის პოლიტიკა გრძელდება.
დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი (ანა დოლიძე) სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმს მოაწერს ხელს.
ამის მერე კვლავ არის კითხვები ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით?
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას!
როდესაც სხვას აკრიტიკებ გამჭვირვალობის, საჯაროობის, კეთილსინდისიერების ნაკლებობისთვის, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს და თავად არ უნდა იყო კანონის დამრღვევი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხი:
ვინ აფინანსებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორგანიზაციას, რომლის ფინანსებსაც ეს უკანასკნელი თავად განკარგავს და რატომ?
ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს თანამდებობიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს”, – წერს ჯანეზაშვილი ფეისბუქზე.
