ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე ორსულადაა. თამოს შეყვარებული ბიზნესმენი აკა სამხარაძეა, რომელიც სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს. წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება. თამო და აკა პატარას ნოემბრის ბოლოს ელოდებიან.
თამო ვაშალომიძე: ორსულობა დაგეგმილი არ ყოფილა, სიურპრიზი აღმოჩნდა. იმდენად გამაბედნიერა ამ ამბავმა, რომ მომინდა, საზოგადოებისთვის, ჩემი გამომწერებისთვის მეთქვა. ჯერ ვფიქრობდი, მუცელი რომ გამეზრდება და ფოტოსესია მექნება, მერე გავასაჯაროებ-მეთქი, მაგრამ ვეღარ მოვითმინე (იცინის). თან, პირველი ორსულობისგან განსხვავებით, მუცელი დიდად არ მეტყობა.
– სოფია ჯერ ორი წლისაა და რა რეაქცია გქონდა, როცა ეს ამბავი შეიტყვე?
– ძალიან გამიხარდა, კი, ახლო-ახლო არის, ბავშვებს შორის ორწელიწად-ნახევარია ასაკობრივი სხვაობა, მაგრამ მეორე მხრივ, მომწონს. პატარა რომ წამოიზრდება, სოფიასთან ერთად ითამაშებს და წლებში განსხვავება აღარ შეიგრძნობა. მე და ჩემს ძმას შორის 7 წელია განსხვავება და როცა გაიზარდა, ერთად ვერ ვთამაშობდით, მას სხვა ინტერესები ჰქონდა და მე სხვა. ამიტომ ყოველთვის შეიმჩნეოდა ჩვენს შორის
ასაკობრივი ზღვარი. აქედან გამომდინარე, მახარებს ეს ამბავი, ორი პატარა ერთად უფრო გაერთობა და იხალისებს. სასიხარულო იყო ეს ამბავი, როგორც ჩემთვის, ასევე ბავშვის მამიკოსთვისაც.
– აკასთვის პირველი შვილია?
– კი, აკას არ ჰყავს შვილი, პირველი ბავშვია და საოცრად გახარებულია. ტესტი ვაჩვენე და ასე ვუთხარი ორსულობის ამბავი. ეს მისთვის შოკისმომგვრელი იყო, მაგრამ ძალიან გაუხარდა. ნელ-ნელა აცნობიერებს, რა ხდება მის თავს. გულწრფელად ამაღელვებელი მომენტი იყო, როგორც მისთვის, ასევე მისი ოჯახისთვის. მუცელი რომ დამეტყო, სქესი გავიგეთ, თან, ის აღმოჩნდა, ვინც უნდოდა, უფრო სხვანაირად შეხედა, შეიცვალა, ბევრად თბილი და ყურადღებიანი გახდა. ქალებმა რომ იციან წუწუნი – „ეს მინდა“, „ის მინდა“, აკა იმდენად ყურადღებიანი და თბილია, რომ არც მოგინდება რაიმეს დაწუწუნება. ნებისმიერი ქალი რომ ისურვებს, ისეთი მამაკაცი მყავს გვერდით. – როგორ მიდის ორსულობა?
– სოფიას ორსულობაზე პირველი სამი თვე მქონდა ტოქსიკოზი, თუმცა მარტივად გადავაგორე. ახლა საშინელი პირველი სამი თვე იყო. მეოთხე თვეში გადავედი და მივხვდი, რომ ორსულობა დაავადება არ არის. სოფიაზე ორსულობისას ვიყავი მარტო. ახლა – სოფია, შეყვარებული, ოჯახი, დედა, ბებია, ბევრი
ვალდებულება გამიჩნდა. ამ ყველაფერთან ერთად სამსახური, გადაღებები. ალბათ, ამანაც იმოქმედა, ძალა გამომეცალა და დავიღალე. მიუხედავად იმისა, რომ ენერგიული ადამიანი ვარ. შემეცვალა ხასიათი, გავხდი უფრო სენტიმენტალური და აგრესიულიც კი. ყველაფერზე ვტიროდი, ყველაფერს განვიცდიდი, ვნერვიულობდი, ვჩხუბობდი. ყველაფრის მიმართ აგრესიას გამოვხატავდი. საბედნიეროდ, ამ ყველაფერმაც ნელ-ნელა გაიარა. იმედი მაქვს, ხუთი თვის შემდეგ უფრო დალაგდება.
– სქესი იცით, როგორც მითხარი და არ გაგვიმხელ? ბავშვები ეგოისტები არიან და სოფიას აქედანვე აჩვევ მომავალ დაიკოს ან ძამიკოს?
– სქესს ვერ გეტყვით, სიმართლე გითხრათ, მე არც ვიცი, ისე გავაკეთე, რომ არ გამეგო, მერე წამომცდებოდა (იცინის). სოფიას კი არანაირად არ ვაჩვევ ამ ამბავს. სოფიას ბიძას ჰყავს შვილიშვილები და ხანდახან სტუმრად რომ მივდივართ, ეჭვიანობს ხოლმე. შეიძლება, ეს მომენტები მერეც ჰქონდეს. ჯერ ძალიან პატარაა და ვერ აღიქვამს, ვერ მიხვდება. სოფია ჩემთვის ყველაზე ნათელი წერტილია, ვზრდი მაქსიმალურ სიმშვიდეში, ყვირილიც რომ არ გაუგია, ისეთში. რაც მე დამაკლდა ოჯახში, მინდა, რომ ჩემს შვილებს ჰქონდეთ, მათ შორის, სიმშვიდე და სიყვარული. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სიყვარული და ყურადღება ორივეს თანაბრად გადავუნაწილო.
– იფიქრებდი, რომ ასე უცებ ორი შვილის დედა გახდებოდი?
– ასე უცებ არ წარმომედგინა, მაგრამ ვიცოდი, რომ ერთი შვილი არ მეყოლებოდა. ყველა ცნობილ ადამიანს, განსაკუთრებით მოდელებს, ძირითადად, ერთი შვილი ჰყავთ ხოლმე. მე ასე არ ვფიქრობდი. მეცოდება მარტო ერთი, მასაც უნდა ჰყავდეს დაიკო ან ძამიკო, რომ გაერთოს და ერთად იყვნენ.
– მოდელებისთვის შვილის გაჩენა პრობლემური საკითხია – წონისა და ფორმების ცლილების ეშინიათ. შენს შემთხვევაში როგორაა?
– რაც შეეხება პროფესიას, რაღაც კუთხით შევცვალე მიმართულება, ხანდახან პირადი ურთიერთობა ცვლის კარიერას. ვითვალისწინებ აკას შეხედულებებს და სწორედ ამის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება. მინდა, რომ მშვიდად იყოს აკაც, მისი ოჯახიც და მეც. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც გამიკეთებია, რაიმეს ვნანობ, მათ შორის სკანდალებს. ახლა ჩემს გადაცემას ვაკეთებ „ინსტაგრამზე“, 3-4 კვირაში პირველი ანონსი მექნება. ისევ ვარ ფოტომოდელი, როგორიც ვიყავი, უბრალოდ, შევიცვლი სექს-სიმბოლოს სახელს. იმიტომ არა, რომ აკა მიკრძალავს რამეს – უბრალოდ, როცა იზრდები, ვითარდები და მეორე შვილს ელოდები, აუცილებელია, რაღაც მიმართულება შევცვალო. ვფიქრობ, სწორადაც ვიქცევი, რადგან მაინც საქართველოში და ქართულ მენტალობაში
გვიწევს ცხოვრება. სიმართლე გითხრათ, მეშინოდა იმის, რომ არ გავსუქებულიყავი, მაგრამ იმდენად ვისწავლე ორსულობის დროს თავის მოვლა, კვება და ვარჯიში, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც ძალიან მალე ჩავდგები ფორმაში.
– მოიმატე წონაში?
– მეოთხე თვეში გადავედი და მხოლოდ, ორი კილოგრამი მაქვს მომატებული. კვებით, რომ გითხრათ, ცხიმიანებით ვიკვებები-მეთქი – არა, ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო, რადგან ეს ბავშვისთვის აუცილებელია. ჭამის მიმართ მოთხოვნილება არც ახლა მაქვს და არც პირველზე მქონია, თან, სოფიას დაბადებიდან იმდენად პატარა დრო გავიდა, მთელი ორსულობის განმავლობაში მიჩვეული ვიყავი მეჭამა: ხაჭო, ბროკოლი და ჯანსაღი საკვები. შესაბამისად, ჩემთან ეს საკითხიც მარტივადაა. ზაფხულია და ხშირად ვსეირნობ, რაც მშობიარობაშიც ხელს შემიწყობს და წონის მომატებასაც ავირიდებ თავიდან. პირველზე ბუნებრივად ვიმშობიარე, გაუტკივარებისა და ყველაფრის გარეშე, 15 წუთში, ამიტომ ახლაც იგივეს ვაპირებ.
– რამდენად არის აკა ორსულობის ამბებში ჩართული?
– ურეკავს ხოლმე ჩემს გინეკოლოგს, ხან მის მეგობრებს, რომლებიც ამ სფეროში არიან. რჩევებს ეკითხება. ძალიან მზრუნველია, იცის, რა არის კარგი და მაქსიმალურადაა ჩართული. რომ ამბობენ, მამაკაცები ბავშვის დაჭერამდე ვერ აცნობიერებენ, რა ხდება მათ თავსო, ასე არაა. თუ ის ჩართულია ორსულობის პერიოდიდან, ძალიან კარგადაც აცნობიერებს ყველაფერს. ოღონდ, მიმაჩნია, რომ კაცი მშობიარობას არ უნდა დაესწროს. არის რაღაც ინტიმური დეტალები, რაც კაცმა ან რომელიმე ახლობელმა არ უნდა ნახოს. მშობიარობის დროს როგორ ვარ, მხოლოდ კლინიკაში მომუშავე პერსონალმა უნდა იცოდეს. ამიტომ, აკა არ დაესწრება ჩემს მშობიარობას. მართლა გამიმართლა ამ ადამიანში, საოცრად მაგარი ბიჭია.
– აკას ოჯახმა როგორ მიიღო ეს ამბავი?
– გადასარევად, საოცარი ოჯახი აქვს, დედასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, დაქალივით მყავს. დიდ პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს.
tbiliselebi.ge