თავდაცვის მინისტრმა დღეს ახალქალაქში მდებარე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი მოინახულა.
მისი ბრძანებით, ადგილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამ თვეში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი (BCT) მთლიანად ახალქალაქში დისლოცირდება.
სამხედრო ბაზაზე უკვე დასრულებულია რამდენიმე შენობა, მათ შორის საცხოვრებელი ყაზარმა, შტაბის შენობა, სასადილო, ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი, სამი საქვაბე, რომელიც შენობების გათბობისა და ცხელი წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს და საყარაულო შენობა. მოეწყო შიდა გზები, გარე განათება და სამწყობრო მოედანი.
დაგეგმილია ლაზარეთის, ასევე დაცვისა და უზრუნველყოფის ასეულების ყაზარმების მშენებლობა. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი 800 რეკრუტის მომზადებაზეა გათვლილი.
დღესვე, თავდაცვის მინისტრი ახალციხეში, სატანკო სასწავლო ცენტრის ბაზაზეც იმყოფებოდა, სადაც სასადილო და ყაზარმები დაათვალიერა. ტერიტორიაზე იგეგმება სტადიონის მშენებლობაც.
ირაკლი ღარიბაშვილი ოსიაურშილოჯისტიკის დაცვის ბატალიონის ტერიტორიაზე არსებული ყაზარმისა და სასადილოს სარემონტო სამუშაოებსაც გაეცნო. მინისტრი საწყისი საბრძოლო მომზადების აღმოსავლეთ მიმართულების კურსის ახალწვეულებს პირადად გაესაუბრა.
თავდაცვის მინისტრთან ერთად მისი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ლოჯისტიკის სარდალი ბრიგადის გენერალი იოსებ ლოლაძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე იმყოფებოდნენ.
თავდაცვის მინისტრი ახალქალაქში მიქაელ მთავარანგელოზის საკათედრო ტაძარშიც იმყოფებოდა, სადაც წმინდანთა ნაწილები და ტურინის სუდარის ზუსტი ასლი მოილოცა, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმეა.