საარჩევნო საკითხების სპეციალისტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანლის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მაქსიმალურად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგია.
ლადო ბოჟაძე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დაამტკიცებას გამოეხმაურა.
„ევროპულმა საქართველომ“ რეალურად გადაარჩინა საკუთარი იმიჯი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. გახსოვთ, პარასკევს გავრცელდა ფასილიტატორი ელჩების განცხადება, მოწოდება, რომ 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ორივე მხარეს შეესრულებინა საკუთარი ვალდებულებები. მანამდეც არაერთხელ მოვისმინეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ ორივე მხარემ უნდა შეასრულოს შეთანხმება. ეს ოპოზიციის ნაწილში გულისხმობს სწორედ იმას, რომ მათ მხარი უნდა დაეჭირათ აღნიშნული პროექტისთვის. აქედან გამომდინარე, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი , დასაფასებელი. კარგია, რომ მათ გუშინ კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ კანონპროქტის მეორე მოსმენაზეც მიიღებენ მონაწილეობას.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ – მათ კიდევ ერთხელ, უკვე მესამეჯერ დაადასტურეს, რომ ზოგადად პროპორციული საარჩევნო სისტემის, მაქსიმალურად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგები არიან. ჯერ კიდევ 2012 წლის მოწვევის პარლამენტში მათ ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 2017 წელს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ სრულად საარჩევნო სისტემაზე გადაიყვანა ქვეყანა მაშინაც არ მიიღეს კენჭისყაში მონაწილეობა და გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათი ამოცანაა არა 31 ოქტომბრისთვის მომზადება , არამედ – 1-ელი ნოემბრისთვის, არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის სწორედ იმიტომ, რომ მათთვის ერთადერთი წარმატების შანსი არის სწორედ დესტაბილიზაციასა და არეულობაზე. ბუნებრივია, მათ წყნარი მშვიდი საარჩევნო გარემო არ აწყობთ. მათ გამოეცლებათ საფუძველი იმისა, რომ ილაპარაკონ საარჩევნო სისტემის არალეგიტიმურობასა და არასამართლიანობაზე, რადგან, ფაქტობრივად, კონსტიტუციური ცვლილებები მიღებულია და თუ გავითვალსიწინებთ იმას, რომ გუშინ 136 ხმით იქნა ეს საკითხი გატანილი და გამოვაკლებთ „ევროპული საქართველოს“ ხმებს, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ და სხვა საპარლამენტო ჯგუფები მათ გარეშეც შეძლებდნენ ჯერ კანონპროექტის გატანას. თუ „ევროპული საქართველო“ გააგრძელებს ულტიმატუმის ენით საუბარს და არ მიიღებს დანარჩენ მოსმენებში მონაწილეობას, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ისინიც აგრძელებენ დესტრუქციას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. ყველაზე მთავარი რაც იქნება – „ქართული ოცნებისა“ და სხვა საპარლამენტო ჯგუფების მიერ მიღებული კონსტიტუციური პროექტი კიდევ ერთხელ დაანახებს საზოგადოებას მათ რეალურ სახეს”, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
შეგახსნებეთ, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით გუშინ დაამტკიცა.
რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი 5 დეპუტატი წავიდა.
პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.
ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.