გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გამოირჩევა ევროპაში მიღებული უმაღლესი სამხედრო განათლებით, სამხედრო საქმის ღრმა ცოდნით, გონიერებითა და წესიერებით. ეს არის უმაღლესი დონის პროფესიონალი, რომელმაც თავისი ცხოვრება ადრეული წლებიდანვე სამხედრო სამსახურს დაუკავშირა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„დღეს ჩვენ ვაგრძლებეთ იმ ტრადიციას, რომელიც თავდაცვის ძალებში ინსტიტუციონალურ განვითარებას უზრუნველყოფს. თავდაცვის ძალების დროშის გადაცემა სიმბოლურად გამოხატავს ჩვენს ჯარში თაობათა შორის არსებულ უწყვეტ კავშირს და ურთიერთპატივისცემას. ამ ტრადიციით ჩვენ მომავალ განვითარებას მიღწეულ წარმატებებზე ვაქვეყნებთ. დღეს სამხედრო სამსახურიდან ვაცილებთ თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას, რომლის ადგილს მისი მოადგილე, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაიკავებს. პირველ რიგში მინდა გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნის წინაშე გაწეული ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადო. ბატონი გენერალი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი წლებიდან გახლავთ ჯარში და მრავალი წლების განმავლობაში ემსახურება ჩვენს სახელმწიფოს. იგი მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, ასევე საერთაშორისო მისიებში და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო სამსახურისთვის და ვუსურვო წარმატება მომავალ საქმიანობაში. პატივისცემით მინდა მივესალმო საქართველოს თავდაცვის ძალების ახალ მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს. ის გამოირჩევა ევროპაში მიღებული უმაღლესი სამხედრო განათლებით, სამხედრო საქმის ღრმა ცოდნით, გონიერებითა და წესიერებით. ეს არის უმაღლესი დონის პროფესიონალი, რომელმაც თავისი ცხოვრება ადრეული წლებიდანვე სამხედრო სამსახურს დაუკავშირა. სხვადასხვა მაღალ სამხედრო თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში. მჯერა, რომ მან ღირსეულად დაიკავა ჩვენი ქვეყნის უმაღლესი სამხედრო თანამდებობა წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ გავაგრძელებთ იმ დიდ საქმეს, რომელიც უწყებაში დავიწყეთ. ჩვენ ერთად გავაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და გავაძლიერებთ ჩვენს საამაყო ჯარს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.