საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ჩარლი“ ასეული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წინამოსამზადებელ ფაზაში იმყოფება. საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით, ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანის სასროლეთზე საბრძოლო სროლები განახორციელეს. სწავლების სცენარის მიხედვით, „ჩარლი“ ასეულის ქვეითმა ოცეულმა საცეცხლე მხარდაჭერით შეტევითი ოპერაცია განახორციელა და მოწინააღმდეგე გაანადგურა. სწავლების უსაფრთხოება მე-11 ბატალიონის დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფმა უზრუნველყო. მათი შეფასებით, ოპერაცია წარმატებით განხორციელდა. ამით ბატალიონმა ოცეულის დონის სწავლება დაასრულა და სექტემბერში GDRP-ის პროგრამის აღსრულების ფაზაში ჩაერთვება. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს. მისი მიზანი ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლებაა.