საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვარკეთილში, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა. გმირების სულის მოსახსენებელ პანაშვიდს რეგიონული განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი და თბილისის საკრებულოს წევრებიც დაესწრნენ.
დღესვე, ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მამა-შვილის, ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა. ბადრი გზირიშვილი აფხაზეთის ომში იბრძოდა და ის სოფელ ტამიშში, რუსეთის შეიარაღებული ძალებსა და სეპარატისტების თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ვახტანგ გზირიშვილი კი, 2008 წლის ომში დაღუპული კაპრალია, რომელიც სოფელ ტბეთთან რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად დაიჭრა და იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც სამხედროებს სამშვიდობოზე გამოჰყავდათ.