31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს მშვიდობისმყოფელის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მართვის ცენტრიდან მიულოცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ქართველ მშვიდობისმყოფელებს თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიდეო კონფერენციის საშუალებით გაესაუბრნენ. მათ ავღანეთისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისგან ადგილზე არსებული ვითარების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ქართველ სამშვიდობოებს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებული მისია და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა პატივისცემა საერთაშორისო მისიების შესრულების დროს დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების მიმართ.
1999 წელს პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად 31 აგვისტოს გაემგზავრა და სწორედ ამ დღეს აღინიშნება თავდაცვის უწყებაში მშვიდობისმყოფელის დღე.