როდესაც მე სამინისტროში მივედი და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კომპლექსური გეგმა ჩამოვაყალიბეთ, ავიაცია ერთ-ერთი მტკივნეული თემა იყო თითოეული ჯარისკაცისთვის და განსაკუთრებით ავიაციის სარდლობისთვის, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კიდევ ერთ გამოწვევას ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა და ამ მიმართულებით წელს თავდაცვის სამინისტრო დაახლოებით 100 მილიონ ლარს დახარჯავს.
„როდესაც მე სამინისტროში მივედი და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კომპლექსური გეგმა ჩამოვაყალიბეთ, ავიაცია ერთ-ერთი მტკივნეული თემა იყო თითოეული ჯარისკაცისთვის და განსაკუთრებით ავიაციის სარდლობისთვის. „სუ-25“-ის ტიპის თვითმფრინავებს, რომლებსაც საქართველო აწარმოებდა და აწარმოებს, წლების წინ ყველაზე მაღალტექნოლოგიური 31-ე საავიაციო ქარხანა უშვებდა, რომელიც თბილისში მდებარეობს და ახლა ჩვენი მენეჯმენტის ქვეშაა. ამ რანგში ამ თვითმფრინავების ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. ერთ-ერთი იყო А-10, რომელიც ამერიკაში ქართველმა კონსტრუქტორმა, ალექსანდრე ქართველიშვილმა შექმნა, და მეორე იყო სწორედ „სუ-25“. მისვლის დღიდან მე ამ თვითმფრინავების რემონტისა და წარმოების განახლება დავისახე ამოცანად. იქ საწარმოო ციკლი დარღვეულია და ამას დიდი ინვესტიცია სჭირდება, მაგრამ რემონტისთვის ჩვენი შესაძლებლობები სრულად საკმარისია და ჩვენ ეს უკვე დავიწყეთ. მიმდინარეობს „სუ-25“-ის, „მი-24“-ის ტიპის ვერტმფრენების, ამერიკული UH1-ის და L-39-ის ტიპის ჩეხური საწვრთნელი თვითმფრინავების რემონტი. გარდა ამისა, ერთ-ერთი გამოწვევა იყო ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით წელს ჩვენ დაახლოებით 100 მილიონ ლარამდე დავხარჯავთ და ეს პროცესი კარგად მიდის. ყველა ბაზა ეწყობა ერთი სტანდარტით და ყველა ბაზაზე თანამედროვე, მაღალი სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვექნება. ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ არა გამორჩევით, რომელიმე ბაზის საჩვენებლად, თვალში ნაცრის შესაყრელად, არამედ ყველა ბაზაზე. 60 ბაზა გვაქვს საქართველოში და 250 ობიექტზე მიმდინარეობს გამალებული სარემონტო სამუშაოები, და ამას ჩვენივე ძალებით ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს უნიკალური სამშენებლო კომპანია „დელტა მშენებელი“, რომელიც ამ სამუშაოებს ასრულებს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.