ამერიკული სოციოლოგიური კომპანია Wilson Perkins Allen Research – ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 25% მხარს უჭერს პარტია ”ქართულ ოცნებას”, 16 % – ”პატრიოტთა ალიანსს”, 12% ”ნაციონალურ მოძრაობას”, 4% – ”ლეიბორისტულ პარტიას”, 3 % – ”ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიულ მოძრაობას”, 2 % – ”თავისუფალ დემოკრატებს”, 1% – ”მოძრაობას სახელმწიფო ხალხისთვის”, 1 % – ”თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 1% სხვა პარტიებს უჭერს მხარს, 16% არავის, ხოლო 18%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, თუ ვის დაუჭერს მხარს.
WPA-ს აღმასრულებელი დირექტორის, კრის ვილსონის განცხადებით, ჩატარებული კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ”ქართული ოცნება“ ლიდერობს ორივე, ძირითადი და განმეორებითი კენჭისყრის შემთხვევაში.
”ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა უმრავლესობა გახლავთ ახალგაზრდა
მამაკაცები, ისევე, როგორც საშუალო განათლების არმქონე, დასაქმებული მოსახლეობა. ქართველთა უმრავლესობა არ მისცემდა ხმას ისეთ პარტიას, რომელსაც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება სურს. აგრეთვე, ქართველი მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებას. საქართველოში უმთავრეს პრობლემად მოსახლეობა მიიჩნევს უმუშევრობას და სამუშაო ადგილების სიმცირეს”, – განაცხადა კრის ვილსონმა.
როგორც ვილსონმა აღნიშნა, კვლევა კომპანიის ინიციატივით ჩატარდა და მას დამკვეთი არ ჰყავდა. კვლევა ჩატარდა 7-11 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით და 1329 ადამიანი გამოიკითხა.
Wilson Perkins Allen Research 1998 წელს დაფუძნდა. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 3 000-ზე მეტი კვლევითი სამუშაო აქვს ჩატარებული. Wilson Perkins Allen Research-ი აშშ-ში ერთ-ერთი წამყვანი სოციოლოგიური კვლევითი კომპანიაა.
WPA-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა”ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს
2016/09/23 21:52:37

კომენტარები
ნანახია: 10765 ჯერ