კესარია აბრამიძემ დაბადების დღე ულამაზესი წვეულებით აღნიშნა, რომელიც თაყვანისმცემლებმა განსაკუთრებით გაულამაზეს. გავრცელებული ინფორმაციით, კესარია მილიონერ მამაკაცზეა შეყვარებული და შესაძლოა, მესამედაც გათხოვდეს. არის თუ არა ეს სიმართლე, მისგან შევიტყობთ.
კესარია აბრამიძე: გრანდიოზული და ულამაზესი დაბადების დღე მქონდა, ასევე, ულამაზეს ქალაქში – ბათუმში. გრანდიოზული ფეიერვერკი და ტორტი ჩემი გამოსახულებით, რომელიც თაყვანისმცემელმა მომართვა. მეორე დღეს იახტაზე გავაგრძელეთ დროსტარება. თაყვანისმცემლებისგან იმდენი ვარდი მივიღე საჩუქრად, რომ აღარსად ეტეოდა (იცინის). ბრილიანტის ბეჭედიც მაჩუქეს.
– განსაკუთრებული საჩუქარია, ვისგან მიიღე?
– ესეც თაყვანისმცემლისგან. ჯერჯერობით სერიოზული არაფერია, მაგრამ არის ჩემს ცხოვრებაში თაყვანისმცემლის დონეზე ადამიანი, რომელიც ძალიან ყურადღებიანია და ამ ეტაპზე საინტერესოა ჩემთვის. გაპრანჭვის მომენტი მაქვს, ლამაზი დასაწყისია, ყოველდღე მაოცებს.
– შარშან დაამთავრე სამწლიანი სერიოზული ურთიერთობა და ძალიან მალე დაიწყო საუბრები რომანზე მილიონერ მამაკაცთან, მილანშიც ყოფილხართ სამოგზაუროდ. მართალია ეს ყველაფერი?
– კი, მართალია. კორონას ჩამოვასწარი საქართველოში. მანამდე მილანში ვიყავი ამ თაყვანისმცემელთან ერთად საშოპინგოდ და განტვირთვისთვის. საბედნიეროდ, კორონას გარეშე დავბრუნდი, სამაგიეროდ, ბევრი ჩემოდნით (იცინის). ქალს რაც უხარია – საუკეთესო კოსმეტიკიდან დაწყებული სამოსით დამთავრებული – მთელი ბრენდული მაღაზიები „გამოვიტანე“და ჩამოვედი (იცინის).
– რა უნდა გააკეთოს ამ თაყვანისმცემელმა, რომ უფრო დიდი ადგილი დაიკავოს შენს ცხოვრებაში?
– მე იმხელა გამოცდილება მაქვს მიღებული ურთიერთობებში, რომ სერიოზულ ნაბიჯებს ასე უცებ არ ვდგამ. ძალიან დაკვირვებული ვარ ასეთ ურთიერთობებში. დიდი გამოცდების შემდეგ, მამაკაცებთან უკვე ქალიშვილი გოგოსავთ ვიქცევი. ამიტომ ჯერჯერობით არ ვფიქრობ, რომ ურთიერთობა უნდა გავასერიოზულო.
– არადა, ხალხმა კესარიას მესამე ქორწინებაზე დაიწყო საუბარი, ამაზე შენც ხუმრობდი სოციალურ ქსელში.
– ღმერთი სამობითაა, ერთსაც მოვსინჯავ კიდევ და ეგ იქნება (იცინის). ხომ იცით, ხარისხიანი გოგოები ბევრჯერ ვთხოვდებით (იცინის). იხუმრეს, ამ ქალაქში ერთი და იგივე გოგოები თხოვდებიანო და მგონი, მეც მათ რიცხვში შევდივარ. მთავარია, რომ დაშორების შემდეგ ყველაფერი მე მრჩება. ყველაფერს სარფიანად ვაკეთებ (იცინის).
– წინა ურთიერთობაში ძალიან ეჭვიანი მეორე ნახევარი გყავდა. ბევრ რამეში გზღუდავდა და ძირითად დროს სახლში ატარებდი. ახლა რამდენად აიტან მსგავს ურთიერთობას?
– ვცდილობ, ასეთ მარწუხებში არ მოვექცე და მაქსიმალურად თავისუფლად ვიყო. თუმცა, მივეჩვიე ამ ყველაფერს. არ ვარ აქტიური ტიპი, უფრო სახლური გავხდი. როცა ურთიერთობა მაქვს, ვჩანვარ, მაგრამ ყველაფერს თავის დოზა აქვს. მოკლედ, დავსერიოზულდი, აღარ ვარ ისეთი გიჟი და გადარეული, როგორიც ადრე (იცინის). ალბათ, ეს ეტაპიც საჭიროა ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის ქმარი არ მჭირდება. მე მჭირდება ადამიანი, რომელთან ერთად კარგად გავერთობი და ვისიამოვნებ, ადამიანი, რომელიც ჩემი კარგი მეგობარი იქნება. ჩაკეტვები და ეჭვიანობები გავიარე და ძალიან მომბეზრდა. ეგეც საინტერესო იყო, მაგრამ აღარ მინდა (იცინის).
– ბრილიანტის ბეჭედი, მოგზაურობა მილანში – როგორც ვხვდები, ახალი მეგობარი მამაკაციც ძალიან განებივრებს ამ თვალსაზრისით.
– იმდენად ყურადღებიანია ჩემ მიმართ, რომ ყოველთვის ყველაფერს თავად ხვდება. ზოგადად, მე არ ვარ ის ტიპი, რომ რაღაცები მოვითხოვო. ჭკვიანი, გემოვნებიანი ადამიანი ქალს რომ ხედავს, ყველაფერს თავად ხვდება, რადგან ქალს ეტყობა, რა სჭირდება და რას არის მიჩვეული. ასე რომ, შეხსენება საჭირო არაა.
– მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებითაც უნდა გკითხო, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას არ ვემხრობიო, თქვა და შენც გამოეხმაურე.
– ამას იუმორით ვუპასუხე. ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხი უშუალოდ მე არ მეხება და მე საპირისპირო სქესზე გათხოვების პრობლემა არასდროს მქონია. არც აღვიქვამ თავს ლგბტ პირად. თუმცა, იქნება თუ არა ეს დაკანონებული, მნიშვნელობა არ აქვს. სულ ერთია, ქაღალდზე რა წერია. მაინც არიან ჩვენს ქვეყანაში ერთსქესიანი ადამიანები, რომლებიც ერთად ცხოვრობენ და ურთიერთობა აქვთ. რაც შეეხება ქორწინებას, ეს რეალობა, რომელიც ახლა გვაქვს, ჩვენი მენტალიტეტითაა გამოწვეული, მაგრამ ამის დროც აუცილებლად მოვა. ამას არ სჭირდება ჭიდაობა. ჯერ კიდევ ათი წლის წინ ვთქვი, ახლა ვარ ერთი, ვინც ჩანს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ათი წლის შემდეგ სულ სხვა სიტუაცია იქნება. უმცირესობა კი არა, უმრავლესობად ვიქცევით-მეთქი და რომ ვაკვირდები, მგონი, უკვე ეგრეა.
– შენ ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ, გამოგივიდა საკუთარი ცხოვრების შექმნა. შეძელი საზოგადოებას ისეთად მიეღე, როგორიც ხარ და სიყვარულიც დაიმსახურე.
– კი, ეს შეიძლება ჩემი სიძლიერის დამსახურებაა და ოჯახის გავლენაც. დღეს რომ ვიხსენებ, ცოტა მიკვირს ჩემი თავის, მაშინ გიჟი ვიყავი. ვფიქრობ ხოლმე, რა მინდოდა-მეთქი, მაგრამ ამ ყველაფერმა ძალიან კარგად იმუშავა. მართალია, ლგბტ ადამიანები დიდად არ აფასებენ ამ ყველაფერს, მაგრამ მე ჩემი გავაკეთე. გზა გავუკვალე ამ ადამიანებს, რომლებიც თითქოს კარადაში იყვნენ შეკეტილი. ვფიქრობ, რომ ძალიან დავეხმარე.
– რამდენად რომანტიკული გოგო ხარ?
– ყვავილებიც მიყვარს და რომანტიკაც. შეიძლება, ბევრს ხვდება თვალში ჩემი სექსუალურობა, მაგრამ საერთოდ არ ვთვლი, რომ „სექსუალური ტიპშა ვარ“. პირიქით, მთლიანად გულით ვიმართები და სიყვარულისთვის შექმნილი ადამიანი ვარ. სექსუალური იმიჯი, ალბათ, ჩემი შოუა, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს. რეალურად, ძალიან რომანტიკოსი და სიყვარულის ქალი ვარ, საოცრად ერთგული, როდესაც ვინმესთან მაქვს ურთიერთობა. თუმცა, ვიცი საკუთარი თავის ფასი და ისიც, ვინ არის ჩემი ღირსი.
– რას ამბობენ მამაკაცები, რა მოსწონთ შენში განსაკუთრებულად?
– ჩემი თაყვანისმცემლების უმეტესობას აბსოლუტურად არ აინტერესებთ ის კესარია, რომელიც სხვადასხვა საღამოსა და ეკრანზე ჩანს. ვისაც ვუყვარდები, უყვარდება ჩემი თვისებები და ჩვეულებრივი, უმაკიაჟო, ბუნებრივი კესარია, სახლური ფორმით და არა პომპეზური და გაპრანჭული. ჩემში სრულიად სხვა ადამიანს ხედავენ. მათთან ურთიერთობაში მეც ძალიან ჩვეულებრივი ვარ, არ ვიპრანჭები. სახლში შორტებიანი და კიკინიანი გოგო ვარ, რაც უფრო მოსწონს მამაკაცს, რადგან ნამდვილია.
– ეს თაყვანისმცემელი არ ეჭვიანობს სხვებზე?
– სხვებიც ეჭვიანობენ ამაზე. რა თქმა უნდა, ეს მომენტი არის, მე ასპარეზზე ვარ და ჩემთვის უნდა იბრძოლონ. ერთი თაყვანისმცემელი მყავს, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს და სულ მეუბნება, მე რომ დავბრუნდები, შენ, ალბათ, უკვე გათხოვილი იქნები, არასდროს მიმართლებსო. სავარაუდოდ, კი-მეთქი, – მეც ვპასუხობ (იცინის). თაყვანისმცემლების მიმართ ძალიან კულტურული ვარ და ყველაფერი ლამაზად ლაგდება ხოლმე. საეჭვიანოს არ ვაძლევ, არ ვარ ის ტიპი, პარალელურ რეჟიმში, სამთან დავრბოდე პაემნებზე, მაგრამ კურიერის მეშვეობით რომ მიგზავნიან საჩუქრებს, ამაზე უარს ნამდვილად არ ვამბობ. დაბადების დღეზე საჩუქარი მაიამიდანაც გამომიგზავნეს და ძალიან ჩვეულებრივად მიიღო – ლამაზი ქალი ვარ და ბუნებრივია, იცის, რომ ბევრი თაყვანისმცემელი მეყოლება.
http://tbiliselebi.ge/