“სიმართლე უნდა ვთქვათ დავით გარეჯთან დაკავშირებითაც, რომლის დაკავებაც ისეთივე ოკუპაციაა, როგორც – რუსეთის მიერ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიის უპირობოდ დაპყრობა”, – ამის შესახებ უფლებადამცველი და მწერალი, ირაკლი კაკაბაძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.
“როცა სამართლიანად ვაპროტესტებთ რუსეთის ოკუპაციას, იქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების აკრძალვის მიუხედავად, ჩვენს საჰაერო სივრცეს განუწყვეტლივ კვეთენ თურქეთიდან მომავალი სამხედრო და სატვირთო თვითმფრინავები. სიმართლე უნდა ვთქვათ დავით გარეჯთან დაკავშირებითაც, რომლის დაკავებაც ისეთივე ოკუპაციაა, როგორც – რუსეთის მიერ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიის უპირობოდ დაპყრობა. ყიზილბაშების შთამომავლებმა, რომლებიც ასობით წლის განმავლობაში ცდილობდნენ ქართლ-კახეთის დაკავებას, 2007 წელს გაფორმებული გაუგებარი ხელშეკრულებით მოახდინეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ტაძრის ოკუპაცია.
აი, თურმე, ეს არ უნდა ვთქვათ, რადგან ქსენოფობია ყოფილა, მე კი პირიქით ვფიქრობ – ისტორიაზე თვალის დახუჭვა არის ბარბაროსობა.
არ მგონია, ბატონი ივერი მელაშვილი და ქალბატონი ნატალია ილიჩოვა იყვნენ ქართული მიწების მთავარი გამყიდველები. თუ მათ მართლაც ჩაიდინეს დანაშაული, ნებისმიერ შემთხვევაში, ბრძანება ზემოდან მიიღეს. არსებობს 2006-2007 წლებში საქართველოს ოფიციალური პირების – ნინო კალანდაძისა და ნიკა რურუას მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ ეს ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნის, ანუ გამოდის, სააკაშვილის ხელისუფლებამ დავით გარეჯი 2007 წლამდე გაყიდა და 2007 წელს უკვე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩააყენეს ჩიჩხიტურსა და უდაბნოში. ეს არის ფაქტი, რომელზედაც დემარკაციის კომისიის წევრიც საუბრობს.
დიახ, დავით გარეჯი სააკაშვილმა გაყიდა. მან გარეჯის მარგალიტები – ჩიჩხიტური და უდაბნო აზერბაიჯანელ ოკუპანტებს მიჰყიდა, ხოლო მოგვიანებით, 2008 წელს, სამაჩაბლოს დიდი ნაწილი და კოდორის ხეობა რუს ოკუპანტებს გადასცა. აი, ეს არის სიმართლე”, – განაცხადა კაკაბაძემ.