საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, თავი შეიკავოს საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევისა და დაძაბულობის მუხტის შეტანისგან. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ადეკვატური იყო შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, სამართალდამცავი ორგანოები კანონით გათვალისწინებული ნორმების მიხედვით იმოქმედებენ.
„პრეზიდენტმა არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია და არაერთხელ მოუწოდა უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსანს, რომ უმჯობესია, თავი შეიკავოს საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევისგან. ძალიან კარგი იქნება, თუკი ის თავშეკავებას გამოიჩენს ამ უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ პროცესში – არჩევნებში გარკვეული დაძაბულობის მუხტის შეტანისგან“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.
პრეზიდენტის მოწოდება მიხეილ სააკაშვილს
2016/09/27 15:48:20
ნანახია: 2197 ჯერ