პაატა ბურჭურაძემ ჩემი სკოლა დაამთავრა, ორი კლასით წინ იყო. ბაშვობაშიც ისეთი მსუბუქი, თუმცა მაშინ უფრო საყვარელი ადამიანი იყო, – ამის შესახებ გია ვოლსკი აცხადებს.
“მე არ მომწონს არც ”გირჩი” და არც პაატა ბურჭულაძე. პაატა ბურჭურაძემ ჩემი სკოლა დაამთავრა, ორი კლასით წინ იყო. ბაშვობაშიც ისეთი მსუბუქი, თუმცა მაშინ უფრო საყვარელი ადამიანი იყო. ახლა როგორც კი პოლიტიკოსობა გადაწყვიტა, თითქოს თავის გარემოში არ არის და რაღაც დავალებით მოქმედებს. კარგი იმიჯი რაც ჰქონდა, როგორც საქართველოს სახელის გამტან ადამიანს, უცბად, ორ დღეში დაკარგა და გახდა პოლიტიკოსი, რომელიც ჭორაობს, აჭარტალებს ენას, ლაპარაკობს ისეთ საკითხებზე, რაც თითქოს მისი არ არის”, – განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ამასთან, ვოლსკის ბუნებრივ პროცესად მიაჩნია საარჩევნო გაერთიანებაში ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” მომხდარი დაპირისპირება.
”იმასთან დაკავშირებით, რაც ზედაპირზე დევს, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ”გირჩი”, გიორგი ვაშაძე ”ნაციონალური მოძრაობის” ნიშაში შეიჭრნენ, მაგრამ მათ ქარიზმატული ლიდერი აკლდათ. ეს ვერც ერთმა ვერ ”გაქაჩა”. პაატა ბურჭულაძემ ერთი პერიოდი რეიტინგი ”აწია”, რადგან არის ის, რომ ”თვალი ჭამს და თვალი სვამს”. ის ერთ დღეში მათ ლიდერად მოგვევლინა ისე, რომ თავისიანებსაც არაფერი ჰკითხა. იმათაც (”გირჩი”, გიორგი ვაშაძე) თავიანთი ამბიციები აქვთ, თუნდაც გიორგი ვაშაძის ”ნაციონალურ მოძრაობასთან” დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა მის პოლიტიკურ იერარქიის ადგილზე იყო მსჯელობა. ზურაბ ჯაფარიძესაც თავისი რეიტინგი ჰქონდა – ჰგონია, რომ დიდი პოლიტიკოსი და ეკონომისტია, პავლე კუბლაშვილი მსოფლიოში ყველაზე დიდი იურისტია, ხოლო პაატა, რომელმაც არც იურისპოდენცია იცის, არც ეკონომიკა ესმის და არც პოლიტიკა, უცებ ამათი უფროსი გახდა. რა საკვირველია, ეს შიგნით დაპირისპირებას გამოიწვევდა”, – განაცხადა ვოლსკიმ.