მთლიანად ვეთანხმები, უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე! – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განმარტებას, რომელიც მან ცოტა ხნის წინ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით გაავრცელა.
გრიგოლ ვაშაძის განმარტებაში წერია, რომ მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს.
„დამატებით განვმარტავ: მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს; ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ; ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“, – ნათქვამია გრიგოლ ვაშაძის განმარტებაში.
მანამდე სააგენტო „ნიუპოსტმა“ გრიგოლ ვაშაძის სახელით მისი განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ პროცესები სასწრაფოდ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადავიდეს და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლდეს.