სახალხო დამცველი გიგი უგულავას მიერ „იმედის“ ჟურნალისტზე თავდასხმას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. „იმედის კვირასთან“ საუბარში ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის საქციელი საფრთხის შემცველია.
„მიმართვები ჟურნალისტების მიმართ, ვფიქრობ, რომ რისკებს მათ მიმართ ანგარიშსწორების თუ აგრესიის ზრდის და იმ ვითარებაში, მით უმეტეს, სიტუაციის კონტროლი იქნებოდა რთული. ამიტომ, ამ შემთხვევაშიც და სამომავლოდაც, მივმართავ ყველას, ყველა პარტიის წარმომადგენელს, მათ ლიდერებს, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ჟურნალისტების თუ სხვა პირების მიმართ აგრესიის გამოხატვისგან, იმიტომ რომ ეს შეიძლება გახდეს გარკვეულწილად ნაპერწკალი ვინმეს მიმართ უფრო სერიოზული აგრესიის ან ანგარიშსწორების, განსაკუთრებით როდესაც აქციაზე არის ასეთი დაძაბული ვითარება“, – განაცხადა ლომჯარიამ.
რამდენიმე დღის შემდეგ კი „იმედზე“ შეტევა „გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა გააკეთა. საქმე „ქრონიკის“ ანონსში დაშვებულ ტექნიკურ შეცდომას ეხება, რომელიც დაახლოებით 15 წუთში, პირდაპირ ეთერში გამოსწორდა. ორგანიზაცია კი შემდეგ აცხადებდა, რომ შეცდომა მხოლოდ მათი განცხადებების შემდეგ გამოსწორდა. გიგაურმა „იმედთან“ კომენტარის გაკეთებას თავი აარიდა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „იმედის“ ჟურნალისტს რუსა შელიას თავს 8 ნოემბერს, ცესკოსთან აქციის დროს დაესხა. ტელეკომპანიის მიმართვის შემდეგ სახალხო დამცველმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ უგულავას მიმართვა არ იყო ეთიკური, თუმცა გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულ ფარგლებს არ გასცდენია.