სოციალურ ქსელში გამართულ პირდაპირ ეთერში “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგა ბოკერიამ მომხმარებელთა კითხვებს უპასუხა. ერთ–ერთი საკითხი მათი ხელისუფლების დროს ბიზნესზე ზეწოლას ეხებოდა, კითხვის ფორმულირება ასეთი იყო: “თვლის თუ არა გიგა ბოკერია, რომ განსაკუთრებით 2008–2011 წლებში ბიზნესზე ხდებოდა ზეწოლა, გაწეწვა, უაზრო ჯარიმების დაკისრება და ა.შ, და თუ ასე ფიქრობს, რას სთავაზობს ამომრჩევლებს, რომ დავიჯეროთ, რომ იგივე აღარ განმეორდება” – აღნიშნული კითხვის საპასუხოდ ბოკერიამ დაადასტურა, რომ მათი ხელისუფლების დროს ბიზნესზე ზეწოლა იყო, განსაკუთრებით 2008–2011 წლებში, თუმცა იმავე სიტყვებით ვერ შეაფასებს, რაც კითხვაში იყო, ვინაიდან მასაც ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა.
“კი, სამწუხაროდ ვთვლი, შეიძლება იგივე ტერმინები არ ვიხმარო, არ მესიამოვნოს, რადგან საკუთარი პასუხისმგებლობაც არის ის, რაც ხდებოდა, მაგრამ ეს სერიოზული პრობლემა იყო, მარტო ამ წლებში არა, მაგრამ წლები მეტნაკლებად სწორად არის გამოყოფილი.
ეკონომიკური კრიზისის დროს, რუსეთთან ომის შემდეგ, როდესაც პრობლემები უფრო მწვავედ დადგა, გადასახადების დამალვის ნიშნებიც იყო, მაგრამ არაფერი ამართლებს იმას, რაც იყო ყველაზე დიდი პრობლემა, რომ როგორც ფინანსური ინსტიტუტები და ასევე პროკურატურა ხშირად იყო ჩართული ამ პროცესში, რაც ძალიან არასწორი იყო, საკმაოდ უკონტროლო იყო.
არ არსებობდა ეფექტური მექანიზმი სასამართლოს სახით, ვინც ამას გააკონტროლებდა. აქედან გამოსავალი არის ის, რაც გვაქვს ჩვენ გეგმაში, სასამართლო სისტემის რეალური გაძლიერება” – განაცხადა ბოკერიამ ფეისბუქის პირდაპირ ეთერში.