სამწუხაროდ, ბევრი ინფიცირებული გვყავს, იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგვედგინა და გათვლილი იყო, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მიდგომამ „სახლში დარჩი“ იმ ეტაპზე გაამართლა, არ გვყავდა ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა, შესაბამისად ყველა ინფიცირებული საავადმყოფოში ხვდებოდა. მათზე ზედამხედველობას ექიმები ახორციელებდნენ. სულ ვამბობდი, მთავარია საქართველოში არ დადგეს საკითხი, როცა ექიმმა ჰუმანურობა უნდა დაივიწყოს ან უნდა გადახედოს. ვერცერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს იმ დატვირთვას, რაც ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპზე ხდება.
როდესაც სასწრაფო მირეკავდა, არასოდეს პაციენტის მიღებაზე უარი არ მითქვამს, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე დღეა ამის გაკეთება მომიწია, ეს ექიმისთვის გულსატკენია. სიცოცხლე უნდა გადარჩეს და რაც შეიძლება ბევრი! ყველაფერს აქვს თავის რესურსი, მით უფრო სამედიცინოს. ინფექციის გავრცელების წყვეტა რომ მოხდეს, ერთადერთი გამოსავალი ის აქვს ჩვენს ქვეყანას, რომ დაიწყოს მკაცრი შეზღუდვა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.