ღვთისმსახურების წესში ცვლილებების შეტანა ამ ეტაპზე არ იგეგმება, – ამის შესახებ განცხადება საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა გააკეთა. თუმცა, მისივე თქმით, თუ ამის საჭიროება გახდება, ისინი მზად არიან, ეპიდემიოლოგებისრეკომენდაციები გაითვალისწინონ და აღნიშნულ საკითხზე იმსჯელონ.
მეუფე გრიგოლის განცხადებით, ამჟამად წირვა-ლოცვები ტაძრებში ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობს.
„რაც დადგენილი არის, ვცდილობთ, სწორედ ის ნორმები შევასრულოთ. უსაფრთხოება მაქვს მხედველობაში, რომ დაცულები იყვნენ ადამიანები, მათ შორის სასულიერო პირები. აგერ, შემოდგომაც გავიდა, ზამთარი დადგა და ხედავთ, რომ ადამიანები იღუპებიან, ეს არ არის ისეთი მოვლენა, რომელზეც შეიძლება, ადამიანმა არასერიოზულად ისაუბროს და რაღაც ზღაპრები მოყვეს. ყველას აქვს უფლება, თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თუმცა იმედი მაქვს, რომ გაივლის ეს განსაცდელი, გაივლის აუცილებლად. ამაზე უამრავი ადამიანი ფიქრობს, მუშაობენ სპეციალისტები და მჯერა, როგორც დღემდე ბევრი რამ დაძლეულა, დაიძლევა ესეც. ოღონდ, საჭირო არის საერთო ძალისხმევა და გათვალისწინება ამ საფრთხეებისა. თუ დღის წესრიგში დადგა, აუცილებლობა, რა თქმა უნდა, ამაზე ვიმსჯელებთ, თუმცა ჩვენ მაინც სპეციალისტებს ვუსმენთ და ვითვალისწინებთ მათ რჩევებს.
ღვთისმსახურების დროსაც კი სასულიერო პირები პირბადეებით დგანან. ასევე მრევლი. ამ ეტაპზე მეტი რა უნდა გავაკეთოთ, ვერ გეტყვით. ვნახოთ, ცხოვრება ხომ იცით, როგორი არის, გვიჩვენებს. სასულიერო პირები ზოგი იზოლაციაშია სიფრთხილის გამო, ზოგი დაავადებულია, ინფიცირებულია და ზოგიერთ ადგილებში ღვთისმსახურების ჩატარების პრობლემაა, რადგან სასულიერო პირი ინფიცირებულია. სხვაგანაც ვიცი, იგივე ევროპის ქვეყნებში, რა მდგომარეობაც არის და ამჯერად უკვე დაკეტვების ფონზე, ეკლესიები არ დაკეტილა. უფლება აქვთ ღვთისმსახურებისა, თუმცა გარკვეული შეზღუდული რაოდენობით, მაგრამ ღვთისმსახურების შემდეგ ადამიანებს შეუძლიათ შევიდნენ და ილოცონ. ადამიანს შეიძლება ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ“,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.