სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, 25 ნოემბერს, გლდანის N8 დაწესებულების მსჯავრდებულმა პროტესტის ნიშნად რამდენიმე აბი დამამშვიდებელი პრეპარატი დალია. უწყების ცნობით, მას ეს პრეპარატები იმ დროისთვის ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული.
“პროტესტის მიზეზი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის განაჩენი, რომლითაც პატიმარს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით (ქურდობა) მიესაჯა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა. მას ადგილზე გაეწია დაწესებულების ექიმის კონსულტაცია, ჰემოდინამიკური მაჩვენებლები ჰქონდა ნორმაში, თუმცა აღნიშნებოდა მცირედი სომნოლენცია”, — აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, პატიმარი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის შემდეგ 27 ნოემბერს გაეწერა და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.