პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტს საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატების სია არ დაუბრუნებია.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებისა და თანამდებობის ყოფილი პირის მიერ შეგნებულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია.
„ვხედავ, რომ შეგნებულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ”რუსთავი 2”-ის და ასევე სხვა პირებისა და ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ. კიდევ უფრო უხერხულია როცა მსგავს სიყალბეს – არასწორ ინფორმაციას, საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ავრცელებს, მათ რიგებშია საქართველოს ყოფილი ელჩი სტრასბურგში მამუკა ჟღენტიც. ძალიან ცუდია, როცა ყველა ეს პირი არასწორი ინფორმაციას ავრცელებს. ჩვენგან ეს ფაქტები მიეწოდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამის პირებს. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტს საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატების სია არ დაუბრუნებია. სია მიღებულია და კომიტეტი განხილვას აგრძელებს. მომდევნო შეკრება იანვარში გაიმართება. ნუ სარგებლობთ იმ გარემოებით, რომ ჩვენ ევროსაბჭოს ამ განსაკუთრებული კომიტეტის კონფიდენციალურობის წესებს ვიცავთ. ასეთი არაკომპეტენტური და ცრუ ინფორმაციის გავრცლება იმ პირების მიერ, ვისაც სხვა საჯარო პასუხისმგებლობა აქვს ძალიან უხერხულია. კიდევ ერთხელ გარკვევით ვამბობ საქართველოს მთავრობის მიერ გაგზავნილი სია მიღებულია და უკან არ დაბრუნებია ქართულ მხარეს და განხილვა გრძელდება”, – აცხადებს ეკა ბესელია.
ეკა ბესელია: გიორგი პაპუაშვილი და მამუკა ჟღენტი არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ
2016/10/01 19:23:30
კომენტარები
ნანახია: 1789 ჯერ