პროფესორი რამაზ ყურაშვილის საქართველოში ინდოეთიდან და ჩინეთიდან უხარისხო ინსულინის შემოტანის შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმაურება. „ქრონიკასთან“ საუბარში მან აღნიშნა, რომ უხარისხო პროდუქციის შემოტანა ქვეყანაში ვერ მოხერხდება, რადგან ინსულინის შეძენა ტენდერით ხდება.
„ბიოსიმილარების ყიდვა არ შეგვიძლია ტენდერის სახით. ეს ხომ ტენდერით იყიდება. შეიძლება ვიღაცამ გამოუშვას, რეგისტრაციაშიც გაატაროს, „მოახერხოს“, მაგრამ ეს ტენდერში არ გაიყიდება, იმიტომ რომ ას არ აქვს იმდენი წონა, რომ ჩვენ ათობით ათასი ადამიანი ვანდოთ. ასეთი კანონი არსებობს ჩვენთან, ვერ გადალახავენ მას. ვინც არ უნდა იყოს“, – განაცხადა ყურაშვილმა.
მისივე თქმით, უხარისხო პრეპარატის გამოყენება კი პრაქტიკულად შუძლებელია.
„მინდა გითხრათ, რომ თვითონ ინდოეთსა და ჩინეთში არ ყიდულობს ხალხი. რომელი ჭკუადმყოფელი ადამიანი გაყიდის ამას საქართველოში და რომელი ქართველი ჩამოიტანს? ეს ხომ აბსურდი არის. ეს უფრო ფანტაზიის სფეროდან არის. ეს ხომ ეგრევე გამომჟღავნდება. ამ უხარისხო ინსულინს ვენაში ვერ გაუკეთებ, დიდ დოზას ვერ გაუკეთებ – ბავშვები სტერილურები იქნებიან, მოხუცები დაიხოცებიან, ინფარქტის დროს ვერ გააკეთებ, ორსულ ქალს მუცელი მოეშლება“, – განმარტავს პროფესორი.
მანამდე ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემაც უარყო. ინფორმაცია საქართველოში ჩინეთიდან და ინდოეთიდან უხარისხო ინსულინის შემოტანის შესახებ გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველმა, გიორგი ჩალაძემ გაავრცელა.